„ესაა მოუ***ნელი ქალების სინდრომი“, - ეს სიტყვები „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ მაშინ წარმოთქვა, როცა პარლამენტში სიტყვით დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.
პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი ქალთა კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“ კანონპროექტს აკრიტიკებდა. მის განცხადებებს რეპლიკებით პასუხობდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები: რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, ირაკლი ქადაგიშვილი...
ოდიშარიას უხამსი ფრაზა გარკვევით ისმოდა ჟურნალისტების კამერების ობიექტივში. დეპუტატის რეპლიკის დროს ჩანს, როგორ იცინიან მისი თანაგუნდელები: პაატა კვიჟინაძე, დიტო სამხარაძე და გია ბენაშვილი.
ბექა ოდიშარიას ნათქვამი დეპუტატმა თეონა აქუბარდიამაც გაიგონა და მომხდარს საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოეხმაურა: „დარბაზში ხმაურია, საკმაოდ მძიმე გადაძახილები იყო, საკმაოდ არაკაცური“.
მოგვიანებით კი მედიასთან საუბრისას დაამატა: „განიხილება ქალთა კვოტირება და ამ დროს კაცი ასეთი ენით ელაპარაკება ქალს. ეს არც ტრადიციულია, არც ქართულია და არც მანდილის ღირსებაში ჯდება, ეს არის კაცი, რომელიც მოგვიწოდებდა მანდილის ღირსების დაცვას. ასეთი ინციდენტებით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია წახალისდება“.
ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია გასულ წელს პარლამენტის სასესიო დარბაზში თავადაც გახდა მმართველი გუნდის დეპუტატის, ირაკლი ბერაიას სიტყვიერი შეურაცხყოფის სამიზნე. 2023 წლის 31 ოქტომბერს ირაკლი ბერაიამ მას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარა“ უწოდა.
„მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს“, - თქვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის სასესიო დარბაზში.
ბექა ოდიშარია მოგვიანებით თანაგუნდელებმა გააკრიტიკეს, ნაწილმა ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, ნაწილმა კი მის ნაცვლად მოიხადა ბოდიში.
- არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი: „თუ ასეთი მიმართვა მართლაც იყო, მაშინ მიმაჩნია და მიგვაჩნია, რომ ბოდიშის მოხდაა საჭირო და ბატონი ბექა ამასთან დაკავშირებით თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ამ სიტუაციაში არ შეეშლება, რა უნდა გააკეთოს“;
- დავით მათიკაშვილი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი: „სამწუხაროა ეს მოცემულობა. ჩემს თვალწინ უმრავლესობის ლიდერმა [რ.თ. მამუკა მდინარაძე] მოუხადა ბოდიში ოპოზიციონერ ქალებს. იგივე შემიძლია ვთქვა მეც. ერთმანეთის მიმართ გამონათქვანები და შეფასებები უნდა იყოს ზრდილობიანი. არავის აქვს უფლება, თავისი სქესით და პოზიციით ისარგებლოს. ქალების მხრიდანაც მამაკაცებისადმი მოგვისმენია შეურაცხმყოფელი გამონათქვამები“.
ინციდენტიდან რამდენიმე საათში ბექა ოდიშარიამ ბოდიში, ისევ კამერების წინ, საჯაროდ მოიხადა. მისივე მტკიცებით, უხამს გამონათქვამს ადრესატი არ ჰყოლია. Მან ახსენა პირადი სივრცეც.
„მესმის, რომ პარლამენტი არც სტადიონია და არც საკუთარი სახლი, თუმცა იქაც გვაქვს უფლება გვქონდეს ჩვენი პირადი სივრცე... თუ ამ გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო, მე, რა თქმა უნდა, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, მაგრამ მე პირდაპირ არ დამიიდენტიფიცირებია ადრესატები“, - თქვა ბექა ოდიშარიამ.
ბოდიშის მოხდის შემდეგ დეპუტატმა მედია დაადანაშაულა.
„ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ადამიანები ამდენი წელიწადია ატერორებენ ჩვენს ოჯახებს, პრორუსებსა და ერის მოღალატეებს გვეძახიან... ახლა არ დამიწყოს ვინმე, რომ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება. თმენის ვალდებულება ეს არის ადამიანის კეთილი ნება და ამ ნებას ვიჩენთ 8 რვა წელიწადია. ერთი წამოცდენა, ჯაშუშურად ჩაიწერეს და გაასაჯაროვეს და მონათლეს რაღაც თავდასხმად ქალ დეპუტატებზე, ტყუილია, ამ გამონათქვამს ქალთა კვოტირების კანონთან კავშირი არ აქვს. საკმაოდ დამონტაჟებულია, ტექსტებია გადადებული“, - თქვა დეპუტატმა. Მისი სამიზნე ტელეკომპანია „მთავარი“ იყო. კადრები მხოლოდ „მთავარს“ არ გაუვრცელებია.
პარლამენტის ეთიკის კოდექსის მესამე მუხლი პარლამენტის წევრების ქცევის წესებს არეგულირებს. ამ მუხლის „ო“ ქვეპუნქტში წერია, რომ „საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება“.
პარლამენტარის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის საკითხზე პარლამენტის ეთიკის საბჭომ უნდა იმსჯელოს. თუმცა საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭო სრულად არ არის დაკომპლექტებული და უფუნქციოა - დეპუტატებმა თავმჯდომარე ჯერ ვერ აირჩიეს.
პარლამენტს ჰყავს გენდერული საბჭო, რომელსაც ნინო წილოსანი ხელმძღვანელობს, ოფიციალური განცხადება ბექა ოდიშარიას შესახებ ამ საპარლამენტო სტრუქტურას არ გაუვრცელებია. ნინო წილოსანი ჟურნალისტებთან მოკლე განცხადებით შემოიფარგლა: „სამწუხაროა და წარმოუდგენელი ფორმულირებაა, ვერაფერს ვიტყვი, ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად“.
ბექა ოდიშარიას მიერ ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარების შეურაცხყოფას ფეისბუკით გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და დეპუტატებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს თავი შეიკავოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან და დაიცვან ეთიკის მინიმალური სტანდარტები! ეს არავის მატებს ღირსებას!“ - დაწერა იოსელიანმა.
პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბექა ოდიშარიას მხრიდან ქალის შეურაცხყოფაზე წერს მედია. რადიო თავისუფლებას 2022 წლის აპრილში ჟურნალისტი და ვიდეოპროდიუსერი თამარ ღვინიანიძე მოუყვა, როგორ დაურეკა დეპუტატმა და მისი ფეისბუკსტატუსის გამო პასუხი მოსთხოვა.
თამარ ღვინიანიძის სტატუსი შეეხებოდა საქართველოს დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის ამსახველ ვიდეოს, სადაც კადრში ჩანს ბექა ოდიშარია და ისმის: „არ მინდა, რა უნდა ვნახო“. დეპუტატს უკრაინელი მასპინძლები ერთ-ერთ სარდაფში ჩასვლას სთავაზობდნენ.
თამარმა ეს ფრაგმენტი ფეისბუკის კედელზე გააზიარა წარწერით: არ უნდა, რა უნდა ნახოს (მილანიხოარაა) #შუმიგაგეპარათ.
„პირდაპირ აგრესიული და დამცინავი ტონით დამირეკა და მითხრა, რომ წარსულიდან მას "ნორმალურ" ("მილავიდნი") გოგოდ ვახსოვდი. შენგან რა უნდა მოვითხოვოო, ამბობდა, შუბლის ძარღვი გაქვს გაწყვეტილიო. ჩხუბობდა. მეუბნებოდა, რომ ვარ უბანძესი, ვნახავ რა მომივა და ა.შ. მაშანტაჟებთ-მეთქი? დამცინავად მიპასუხა, შანტაჟსა და მუქარას თუ ვერ არჩევ, მოდი, გამეცადინებო. ამ საუბარს მე დავარქმევდი საქმის გარჩევას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ ღვინიანიძემ.
საპარლამენტო არქივი მმართველი გუნდის ლიდერების არაერთ სექსისტურ გამონათქვამს ინახავს. არცერთ შემთხვევაზე დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
2020 წლის 20 სექტემბერს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის პარლამენტში გამოსვლის დროს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „განსაკუთრებით სამწუხარო“ და „სამარცხვინო საქციელი“ უწოდა თინა ბოკუჩავას, ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიასა და სალომე სამადაშვილის პროტესტს. მათ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს და მისი ტრიბუნის წინ გაშალეს „ქართული ოცნების“ დროშა წარწერით, „Русский военный корабль, иди на х*й!“:
„ჩრდილს აყენებენ ქალის როლს პოლიტიკაში და მათი გამოისობით ხდება ისეთი აღქმის ჩამოყალიბება, თითქოს ქალს პოლიტიკაში შეუძლია მხოლოდ ისტერიის მოწყობა და რადიკალიზმი“, - თქვა მაშინ შალვა პაპუაშვილმა.
2023 წლის 31 ოქტომბერს მმართველი გუნდის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანა წითლიძეს უთხრა: „ჩვეულებრივი ბანძიქალა ხარ. იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა და ახლა დაწყნარდი. წადი აქედან, შე ბანძო, გაიარე. ფარჩაკი, ბანძი, რა“.
დეპუტატები ერთმანეთს იმ დროს დაუპირისპირდნენ, როცა ალუდა ღუდუშაური მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღების შესახებ საუბრობდა.
ანა წითლიძის რეპლიკის პასუხად „ქართული“ ოცნების მაშინდელმა თავმჯდომარემ და დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გასული წლის სექტემბერში თქვა: „მე ახლა ქალთან პოლემიკაში ვერ შევალ, ასეთი წესია“.
2020 წელს ირაკლი კობახიძემ „სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები“ უწოდა დეპუტატებს, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს, მას შემდეგ, რაც მათ პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მოხსენების დროს საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ქალს „მთავარი არხიდან“:
„ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს... შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას სიტყვების შეფასება სთხოვა.
2023 წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით კი, საქართველოში ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მაჩვენებელი უკან-უკან წავიდა და 57-ე ადგილიდან 91-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველო - 26 ქალით პარლამენტში, 121-ე ადგილიდან 128-ე ადგილზე გადავიდა.
პარლამენტმა 3 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო პარტია „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა და პარტიულ სიაში ქალთა კვოტირების გაუქმებას დაუჭირა მხარი.