სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური (2023) ანგარიში გამოაქვეყნა - ეს ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის პერიოდში მომზადებული პირველი საპარლამენტო ანგარიშია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე გაეგზავნა.
ჩვენ ომბუდსმენის 386-გვერდიანი ამგარიშიდან ქვეყნის რამდენიმე საკვანძო და წლების განმავლობაში უცვლელი პრობლემა გამოვყავით და აი, ისინიც:
ოკუპაცია, თამაზ გინტურის მკვლელობა და ადამიანები ოკუპირებული ტერიტორიებიდან
არც 2023 წელს ჩაუვლია სირთულეების გარეშე კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისთვის.
სახალხო დამცველი წერს, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი, ოსი და აფხაზი მოსახლეობა ომის დამანგრეველ შედეგებს დღემდე განიცდის. 2023 წელს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა ამის დასტურია.
დღემდე დაუსჯელები არიან 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას, 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილისა და 2019 წელს ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
„რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება“, - წერს სახალხო დამცველი.
მხოლოდ 2023 წელს, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზთან, 37 ადამიანი დააკავეს. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით კი - 26. მათგან 6 არასრულწლოვანი იყო.
საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის სასჯელიც დაამძიმა და ადმინისტრაციული ჯარიმები გრძელვადიანი უკანონო პატიმრობით ჩაანაცვლა.
მცოცავი ოკუპაციის გამო მოსახლეობის ნაწილმა არ იცის, სად გადის ე.წ. სასაზღვრო ხაზი და ხშირია შემთხვევები, როცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით აკავებენ ადამიანებს.
2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში რჩება 8 მოქალაქე: ოკუპირებულ აფხაზეთში - ირაკლი ბებუა, ქრისტინე თაკალანძე, ასმათ თავაძე, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალში - ლაშა ხეთერელი, პეტრე კალაშნიკოვი, გიორგი მოსიაშვილი, დიტო კორინთელი და გიორგი მელაძე.
2023 წელს გავრცელდა 43 წლის თემურ კარბაიას სიკვდილის ამბავიც, როცა მას ოკუპირებული აფხაზეთის პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს და მიყენებული ტრავმების გამო კლინიკაში გარდაიცვალა.
განსაკუთრებით მძიმეა სურათი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების კუთხით - ოკუპირებულ აფხაზეთში აბორტის სერვისი სრულად აკრძალეს, რის გამოც ქალები იძულებულები არიან არასასურველი ორსულობის შესაწყვეტად სხვადასხვა არასამედიცინო ხერხს მიმართონ, რაც მათი სიცოცხლისთვის სახიფათოა.
შოვის გამოუძიებელი ტრაგედია
სახალხო დამცველი წერს, რომ მართალია, შსს-მ დაიწყო გამოძიება 2023 წლის აგვისტოში შოვში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რომელსაც 32 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა იკვეთება „გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა“.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გამოძიებამ უნდა შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დაწესებულების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შოვში სამაშველო ოპერაციის დროულად და ადეკვატურად დაგეგმვის, მართვისა და განხორციელების საკითხი, ხოლო გამოძიების ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს სამინისტროს მიერ საკუთარი საქვეუწყებო დაწესებულების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამოძიება.
სახალხო დამცველი მოითხოვს საბოლოოდ დადგინდეს, იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ თუ არა სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანოებს კონკრეტულად ამ შემთხვევაში რეალური და გადაუდებელი საფრთხის შესახებ და მიიღეს თუ არა გონივრული ზომები საფრთხის ასაცილებლად.
ფემიციდი - 24 მოკლული ქალი
2023 წელს საქართველოში 24 ქალი მოკლეს. 27-ჯერ სცადეს ქალის მკვლელობა.
ამ სტატისტიკური მონაცემიდან, პროკურატურამ ფემიციდად 9 შემთხვევა ჩათვალა, ფემიციდის მცდელობად - 14.
განსაკუთრებით მძიმე იყო 14 წლის აითაჯ შახმიროვას გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობა.
სიღარიბე - ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შემწეობის იმედად
სიღარიბე ქვეყნის უცვლელი პრობლემაა. 2023 წლის მარტის სტატისტიკით, სოციალურ შემწეობას საქართველოში იღებდა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი - უფრო ზუსტად, 676 641.
ეს რიცხვი დღემდე, ამ პროგრამის მოქმედების პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გაზრდილია ბავშვთა სიღარიბეც - „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5.2%-ით მომატებულია.
დარბეული აქციები - შეკრების შეზღუდული თავისუფლება
არც ამ უფლების დარღვევის გარეშე ჩაუვლია 2023 წელს. სახალხო დამცველი ამ უფლების დარღვევის ორ მთავარ მოვლენას იხსენებს - 7-9 მარტის აქციებს და 8 ივლისს დაგეგმილ და ულტრამემარჯვენე ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ჩაშლილ პრაიდ ფესტივალს.
7-9 მარტს, საქართველოს პარლამენტის წინ, ე.წ. „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტების მიღების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს 100-ზე მეტი ადამიანი და სპეცსაშუალებებიც გამოიყენეს. თუმცა სახალხო დამცველის მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტრომ არც ობუდსმენს უპასუხა კითხვაზე, შეკრების მონაწილეთა რა რაოდენობა მიმართავდა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს ან რატომ გამოიყენეს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართაც.
„7 მარტის აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი მთლიანად შეწყვეტისა და მისი ყველა მონაწილის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. სახალხო დამცველი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ძალადობის იზოლირებული ინციდენტები არ არის საკმარისი მთლიანი შეკრების ძალადობრივად მიჩნევისთვის“, - წერს სახალხო დამცველი.
8 ივლისს განვითარებული მოვლენები კი, სახალხო დამცველის შეფასებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლგბტ+ თემის დაცვა, ამ მასშტაბის ძალადობის და დისკრიმინაციის მხოლოდ საპოლიციო ძალების გამოყენებით შეჩერება შეუძლებელია და ხშირად - არასაკმარისიც.
ქალები - პოლიტიკაში და მის გარეთ
ამ მხრივაც უკან ვართ. 2023 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ეროვნული კვლევის თანახმად, ქალების 59.9% და კაცების 74.7% ისევ ფიქრობს, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შინამეურნეობის გაძღოლაა. ეს დამოკიდებულება ქალების შინ შრომის ტვირთს კიდევ უფრო ამძიმებს.
2023 წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით კი, საქართველოში ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მაჩვენებელი უკან-უკან წავიდა და 57-ე ადგილიდან 91-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველო - 26 ქალით პარლამენტში, 121-ე ადგილიდან 128-ე ადგილზე გადავიდა.
ციხის შიგნით
2023 წელს სახალხო დამცველმა არაერთი პატიმრის საჩივარი მიიღო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე - მაგალითად, მსჯავრდებული რ.ი. აცხადებდა, რომ 2023 წლის 8 ოქტომბერს ის უსაფუძვლოდ შეასახლეს დეესკალაციის ოთახში, მანამდე კი დაწესებულების თანამშრომლებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს - ჯერ ხელები გადაუგრიხეს, მერე კი ხელებს უჭერდნენ ყელში და თავზე.
ლაზარე გრიგორიადისი კი ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე მიუთითებდა და აცხადებდა, რომ ციხეში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.
ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად ომბუდსმენი გადატვირთულ ციხეებს მიიჩნევს.
ევროპის საბჭოს სტატისტიკით, საქართველო ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის, პატიმართა რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზეა. ამას გარდა, მაგალითად, №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულები და მსჯავრდებულები კვლავ ერთად არიან.
დროებითი მოთავსების იზოლატორების ორ- ან მეტადგილიან საკნებში კი ნახევრად იზოლირებული ტუალეტების გამო, დაკავებულებს ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სხვა დაკავებულის/დაკავებულების თვალწინ უწევთ.
ქორწინება ბავშვობის ასაკში
გასულ წელთან შედარებით შემცირდა, მაგრამ მაინც ისევ მაღალია არასრულწლოვანთა ორსულობის და მშობიარობის რიცხვი. 2023 წელს 679 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, არასრულწლოვან მშობლად კი საქართველოში - 409 პირი დაარეგისტრირეს.
შსს-მ გამოძიება დაიწყო არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ 152 შესაძლო დანაშაულზე. პროკურატურის მონაცემებით კი, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნეს 73 ბავშვი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 84 პირის მიმართ.
2023 წელს შედარებით შემცირდა ქორწინების მოტივით სკოლის მიტოვების ფაქტები - გასულ წელს ამ მიზეზით სკოლა 38-მა არასრულწლოვანმა მიატოვა.
„შემცირების მიუხედავად, ეს მონაცემები მაინც საგანგაშოა", - წერს სახალხო დამცველი.
2023 წლის ანგარიშზე მუშაობისას სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე 4849 განცხადება მიიღო. ცხელ ხაზზე 17 567-მა ადამიანმა დარეკა. შესაბამის უწყებებს 79 რეკომენდაცია გაეგზავნა.