Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასურსათო ორგანიზაცია WCK-ის თქმით, ღაზაში ისრაელის ჯარების ცეცხლს ემსხვერპლა მისი ექვსი თანამშრომელი


World Central Kitchen-ს სურსათი ზღვით ჩააქვს ღაზის სექტორში.
World Central Kitchen-ს სურსათი ზღვით ჩააქვს ღაზის სექტორში.

ჰუმანიტარული ორგანიზაცია World Central Kitchen (WCK) ღაზის სექტორიდან იტყობინება, რომ ისრაელის არმიის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა ორგანიზაციის ექვსი უცხოელი თანამშრომელი და მათი პალესტინელი მძღოლი.

დაღუპულთა შორის არიან ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, აშშ-ისა და კანადის მოქალაქეები, იტყობინება Associated Press-ი.

სააგენტო აზუსტებს, რომ ორშაბათს საღამოს ვერ მოხერხდა ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელთა დაღუპვის დადასტურება.

აშშ-მა ისრაელს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს მომხდარი. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ამოწმებენ World Central Kitchen-ის თანამშრომელთა სავარაუდო დაღუპვის შესახებ ინფორმაციას.

საქველმოქმედო სასურსათო ორგანიზაციამ, რომელიც ცნობილმა შეფმზარეულმა ხოსე ანდრესმა დააარსა, განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ წყვეტს საქმიანობას რეგიონში. World Central Kitchen-მა აღნიშნა, რომ მისი თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ ზონაში, სადაც არ არის აქტიური საბრძოლო მოქმედებები. ისინი იმყოფებოდნენ ორ დაჯავშნილ ავტომობილში, რომლებსაც ორგანიზაციის ლოგოები ჰქონდა.

World Central Kitchen-ი აცხადებს, რომ მისია ახდენდა თავისი მოქმედებების კოორდინაციას ისრაელის არმიასთან, მაგრამ მანქანებს ცეცხლი გაუხსნეს დეირ-ელ-ბალაჰის ზონაში. იქ ჯგუფმა გადმოტვირთა 100 ტონაზე მეტი სურსათი, რომელიც ღაზაში ზღვით ჩაიტანეს.

ღაზაში ისრაელის არმიის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან World Central Kitchen-მა რეგიონში გაანაწილა 32 მილიონზე მეტი ულუფა საკვები.

2023 წლის შემოდგომიდან ისრაელის არმია ღაზაში ატარებს სამხედრო ოპერაციას მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს პალესტინური რადიკალური დაჯგუფება ჰამასი (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული) დაესხა თავს სამხრეთ ისრაელს. ისრაელში ამ თავდასხმას 1400-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 250-ზე მეტი მძევლად წაიყვანეს ღაზაში. მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ. უკანასკნელი მონაცემებით, სექტორში შესაძლოა ჯერ კიდევ დაკავებული ჰყავთ 130-ზე მეტი მძევალი, მაგრამ არ არის ცნობილი, რამდენი მათგანია ცოცხალი.

როგორც იტყობინება ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, შემოდგომაზე ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე სექტორში დაიღუპა 32 ათასზე მეტი ადამიანი. მათ უმრავლესობას ბავშვები და ქალები შეადგენენ.

გაერომ არაერთხელ მიუთითა ჰუმანიტარულ პრობლემებზე, რომლებიც ღაზაში სურსათის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული. ამასთან, ისრაელის მხარემ ადრე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში გაეროს სტრუქტურები ჰამასთან თანამშრომლობენ და უარს ამბობენ კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ურთიერთმოქმედებაზე.

XS
SM
MD
LG