Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანმა დამარცხება აღიარა - თურქეთის დიდ ქალაქებში ოპოზიციამ გაიმარჯვა


„რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ მხარდამჭერები სტამბოლში ზეიმობენ მერის არჩევნებში მათი კანდიდატის, ექრემ იმამოღლუს გამარჯვებას.
„რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ მხარდამჭერები სტამბოლში ზეიმობენ მერის არჩევნებში მათი კანდიდატის, ექრემ იმამოღლუს გამარჯვებას.

თურქეთში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თავისი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ მარცხი აღიარა. მუნიციპალური არჩევნები 31 მარტს ჩატარდა.

მთავარი ყურადღება მიპყრობილი იყო თურქეთის მეგაპოლის სტამბოლისკენ, სადაც ერდოანის პარტიას წინა მუნიციპალური არჩევნების შედეგად დაკარგული პოზიციების აღდგენა სურდა, თუმცა ვერ შეძლო.

თურქეთის მედია არჩევნების წინასწარ ოფიციალურ შედეგებზე დაყრდნობით წერს, რომ სტამბოლის მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ ხმების 51%-ზე მეტით თანამდებობა შეინარჩუნა. დაახლოებით 39% მიიღო „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ კანდიდატმა მურატ ქურუმმა.

მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ხმების 60%-ზე მეტით გაიმარჯვა მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა მანსურ იავაშმა. მის კონკურენტს ერდოანის პარტიიდან, თურგუტ ალტინოკს, ხმა მისცა დაახლოებით 32%-მა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ ერდოანის ოპოზიციაში მყოფი „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატები მერის არჩევნებში ლიდერობენ 20-ზე მეტ დიდ ქალაქში, მათ შორის იზმირსა და ანტალიაში.

სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ(მარჯვნივ) და ანკარის მერი მანსურ იავაში
სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ(მარჯვნივ) და ანკარის მერი მანსურ იავაში

გვიან ღამით, ანკარაში, მმართველი პარტიის შტაბ-ბინაში გამოსვლისას პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ „სამართლიანობის და განვითარების პარტიამ“ 2023 წლის მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში წარმატებისგან განსხვავებით, ამჯერად, ვერ მიაღწია სასურველ შედეგებს, რომლებსაც ობიექტურად და თვითკრიტიკულად გააანალიზებენ და დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებენ.

სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ერდოანმა თქვა, რომ მუნიციპალურ არჩევნებში პირველ ყოვლისა, გაიმარჯვა თურქეთის დემოკრატიამ და ხალხის ნებამ, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას.

31 მარტს ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში მერების და ადგილობრივი დონის სხვა თანამდებობების დასაკავებლად 34 პარტიის კანდიდატები იბრძოდნენ. ხმის მიცემის უფლებით სარგებლობდა 61 მილიონზე მეტი ამომრჩეველი.

მუნიციპალური არჩევნები იყო თურქეთის პრეზიდენტ ერდოანის პოპულარობის ერთგვარი საზომი 2023 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მორიგი გამარჯვების შემდეგ. მოელიან, რომ სტამბოლის მერის არჩევნებში ექრემ იმამოღლუს მორიგი გამარჯვება გააძლიერებს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მისი, როგორც ერდოანის პოტენციური მეტოქის პოზიციებს.

რეჯეპ ტაიპ ერდოანი თურქეთის პრეზიდენტია 2014 წლიდან. მანამდე, ათი წლის განმავლობაში ერდოანი თურქეთის პრემიერ-მინისტრი იყო.

XS
SM
MD
LG