Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აშშ-ის ელჩმა გააკეთა იშვიათი განცხადება 22 მარტის ტერაქტის წინ ინფორმაციის გაზიარების შესახებ


აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ (ფოტო: 26 მარტი, 2024 წელი) განაცხადა, რომ რუსეთს წერილობით მიაწოდეს კონკრეტული, დროული და სანდო ინფორმაცია შესაძლო ტერორისტული აქტის შესახებ
აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ (ფოტო: 26 მარტი, 2024 წელი) განაცხადა, რომ რუსეთს წერილობით მიაწოდეს კონკრეტული, დროული და სანდო ინფორმაცია შესაძლო ტერორისტული აქტის შესახებ

29 მარტს რუსეთში აშშ-ის ელჩი გამოვიდა უჩვეულო დიპლომატიური განცხადებით, რომელიც შეეხებოდა აშშ-ის მიერ რუსეთისათვის მოსალოდნელი ტერაქტის თაობაზე ინფორმაციის გადაცემას, გასულ კვირაში მოსკოვთან საკონცერტო დარბაზში მოწყობილი ტერორისტული თავდასხმის წინ, რომელსაც 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ელჩმა, ლინ ტრეისიმ განაცხადა, რომ რუსეთის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა „დაამახინჯა და საჯაროდ უარყო“ იმ ინფორმაციის სარგებლიანობა, რომელიც მიმდინარე თვეში რუსეთის უშიშროების სამსახურებს მიაწოდეს „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომავალი საფრთხის შესახებ. სწორედ ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა მოსკოვთან ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა მალევე თავდასხმის შემდეგ.

ტრეისი თავის განცხადებაში ადასტურებს, რომ ინფორმაცია, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას წერილობით მიაწოდეს, იყო კონკრეტული, დროული და სანდო. მისი თქმით, აშშ-მა ინფორმაცია მიაწოდა რუსეთს „გაფრთხილების ვალდებულების“ ძველი პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც გვავალდებულებს, რომ გადავცეთ ინფორმაცია, როცა საფრთხე ექმნება უდანაშაულო სამოქალაქო პირებს“.

რუსეთის უშიშროების სამსახურის (FSB) ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა 26 მარტს გაიმეორა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვები, რომ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ დასავლეთიცაა სისხლიან თავდასხმაში მონაწილე. მტკიცებულებების მოტანის გარეშე, ბორტნიკოვმა თქვა, რომ ტერაქტში შეიძლებოდა გარეული ყოფილიყვნენ დასავლეთის უშიშროების სამსახურები, თუმცა აღიარა, რომ მარტის დასაწყისში აშშ-სგან მიიღო ინფორმაცია შესაძლო ტერაქტის შესახებ.

საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმამდე სამი დღით ადრე, 19 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უშიშროების ფედერალური სამსახურის კოლეგიის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული პროვოკაციული გაფრთხილება შანტაჟს ჰგავდა და მიზნად ისახავდა საზოგადოების დაშინებას და დესტაბილიზაციას.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს, საღამოს მოხდა. ჯგუფ „პიკნიკის" კონცერტზე მისულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა 140-ზე მეტი ადამიანი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა („ხორასანმა“).

რუსეთში, ასევე ტაჯიკეთში, დააკავეს, მათ შორის, თავდასხმაში უშუალო მონაწილეობაში ეჭვმიტანილები.

XS
SM
MD
LG