საქართველოში არ შემოუშვეს კიდევ ერთი რუსი აქტივისტი, იგორ მიგლანი. ამის შესახებ წერს ორგანიზაცია Free Russia Foundation-ის სამხრეთ კავკასიის განყოფილების დირექტორი ეგორ კუროპტევი და ხელისუფლებას, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მიგლანის ქვეყანაში შეშვების თხოვნით მიმართავს.
"ამ დროისთვის, 15 საათზე მეტია, აქტივისტი იგორ მიგლანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია. იგორი, ისევე როგორც სხვა ბევრი რუსი აქტივისტი, ახსნა-განმარტების გარეშე არ შეუშვეს საქართველოში.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან იგი საქართველოში კოლეგებთან ერთად მუშაობდა პროექტზე "ემიგრაცია მოქმედებისთვის", უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად. იგორისა და მთელი გუნდის წყალობით, 8 ათასზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა მიიღო სამედიცინო დახმარება. ეწინააღმდეგება თუ არა ეს საქართველოს ინტერესებს? დარწმუნებული ვარ, არა. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ შექმნილი მსგავსი პროექტები, ისევე როგორც ლტოლვილთა მხარდაჭერის ინიციატივები, არის ის, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, იამაყოს", - წერს ეგორ კუროპტევი.
კუროპტევმა მიმართა საქართველოს ხელისუფლებას - კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სთხოვა ქვეყანაში მიგლანის შემოშვება. მისი თქმით, მიგლანს საქართველოში არც ერთი კანონი არ დაურღვევია, არამედ რითაც შეუძლია, ეხმარება ადამიანებს. მიგლანის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს უწყებებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
პროექტის „ემიგრაცია მოქმედებისთვის“ კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, ევგენი ლიამინმა გამოცემა „ხოლოდს" უთხრა, რომ მიგლანი თბილისში 28 მარტის ღამეს ჩამოფრინდა გერმანიიდან, სადაც ის 2023 წლის შემოდგომიდან სწავლობს. საპასპორტო კონტროლზე ის ახსნა-განმარტების გარეშე გააჩერეს. დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ, დილის ცხრა საათზე კი მას სიტყვიერად უთხრეს უარი საქართველოში შესვლაზე, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ დოკუმენტური განმარტება არ ყოფილა.
29 მარტის დილით, პროექტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიგლანი საქართველოდან სტამბულში გააძევეს.
იგორ მიგლანი საქართველოში 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებისთანავე გადავიდა საცხოვრებლად. იმავე წლის აპრილში მან სხვა აქტივისტებთან ერთად მოაწყო პროექტი „ემიგრაცია მოქმედებისთვის“, რომელიც ეხმარება საქართველოში დარჩენილ უკრაინელ ლტოლვილებს. პროექტი უკრაინის მოქალაქეებს მედიკამენტებს აწვდის და მათ მხარდასაჭერასდ ატარებს საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ღონისძიებებს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს და აქტივისტებს არაერთხელ უთხრეს უარი საქართველოში შესვლაზე. უმეტეს შემთხვევაში, მიზეზები არ განუმარტავთ.