Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი გვრიტიშვილი: „მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, რომ ე.წ. ვეტინგი მიუღებელია“


დიმიტრი გვრიტიშვილი
დიმიტრი გვრიტიშვილი

„საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე 268 მოსამართლემ მხარი დაუჭირა 2024 წლის 11 მარტს უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ე.წ. ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით, რომ პროცედურა საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა კონფერენციის დასრულების შემდეგ.

დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, საქართველოში, განსხვავებით უკრაინისგან, ალბანეთისგან და მოლდოვისგან, ე.წ. ვეტინგისთვის სათანადო წინაპირობები არ არსებობს.

“უკრაინაში, ალბანეთსა და მოლდოვაში ეს პროცედურა რამდენიმე წელია მიმდინარეობს და დასასრული არ უჩანს. მაგალითად, ალბანეთში. ამ ქვეყნის შემთხვევაში ჩვენ ვთქვით, რომ არსებობდა საყოველთაო კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემაში იყო სისტემური კორუფცია. გამოკითხული მოსახლეობაც და თვითონ მოსამართლეებიც კი, მიუთითებდნენ, რომ სასამართლოში კორუფცია იყო. ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის”, - აღნიშნა გვრიტიშვილმა.

დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, არ არსებობს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია და მყარი მონაცემები, რომ საქართველოს საერთო სასამართლოს სისტემებში არის იმგვარი კორუფცია, რომ საჭიროებდეს "ვეტინგს".

“არსებობს მიკერძოებული სუბიექტების, როგორიცაა “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო”, რომელსაც “კაპიტანი გიგაურის კვლევა”დავარქვით. ამგვარი სუბიექტების მიერ ჩატარებული კვლევების გარდა, რეალური, ავტორიტეტული კვლევები როგორიც არის, არ არსებობს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია და მყარი მონაცემები, რომ საქართველოს საერთო სასამართლოს სისტემებში არის იმგვარი კორუფცია, რომ საჭიროებდეს ექსტრაორდინარულ პროცედურას, რაც არის ვეტინგი”, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

24 მარტისთვის დანიშნულ საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციის გახსნის წინ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში მიმდინარეობს სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია და მოსამართლეების დევნა, რომ სასამართლო სისტემიდან მოსამართლეები გაყარონ.

"მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე. მაგრამ აქ არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას, ჩანს, რომ ძალიან ბევრ მოსამართლეს წინასწარ გამოუტანეს განაჩენი. ხომ შეიძლება ჩატარდეს „ვეტინგი“ და გავიაროთ ეს კეთილსინდისიერების ტესტი?! წინასწარ როდესაც აცხადებ, რომ სასამართლო სისტემაში არიან კორუმპირებულები, წინასწარ გაქვს უკვე გამოთქმული მოსაზრება და მიზანმიმართულად ამბობ, რომ ეს მოსამართლეები არიან გასაყრელი სასამართლო სისტემიდან, აქედან გამომდინარე, შენ ის არ გაინტერესებს“, - განაცხადა ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციის დაწყების წინ.

XS
SM
MD
LG