Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნონა ქურდოვანიძე: "მნიშვნელოვანია, მოსამართლეები ემხრობოდნენ კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემის დანერგვას"


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი მოსამართლეთა კონფერენციას იყენებს მაშინ, როდესაც სჭირდება ერთიანობის დადასტურება, თავისი პოზიციების განმტკიცება.

“უნდა ვთქვათ, რომ მოსამართლეთა კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც მოსამართლეებს შეუძლიათ საკუთარი პოზიციების დაფიქსირება... უნდა შეეძლოთ, თუმცა, სამწუხაროდ, გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი ამ ფორმატს იყენებს მაშინ, როდესაც სჭირდება ერთიანობის დადასტურება, თავისი პოზიციების განმტკიცება და როგორც ჩანს, დღეს ასეთ შეხვედრას ექნება ადგილი. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვთხოვთ ინდივიდუალურ მოსამართლეებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სასამართლო სისტემა გასაჯანსაღებელია, რომ საკუთარი პოზიციები თავისუფლად დააფიქსირონ. კეთილსინდისიერების შემოწმება ეს არის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ მიიღო და მისი შესრულება მნიშვნელოვანია. ამის გარეშე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში საქართველო წინ ვერ წავა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში იდგეს და მოსამართლეები, ისევე როგორც სხვა აქტორები, იყვნენ მომხრე იმისა, რომ ეს სისტემა დაინერგოს. ეს არის გზა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი”, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

მოსამართლეთა კონფერენციის დაწყების წინ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში მიმდინარეობს სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია და მოსამართლეების დევნა, რომ სასამართლო სისტემიდან მოსამართლეები გაყარონ და რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაც მოსამართლეების დევნას ისახავს მიზნად.

24 მარტისთვის დანიშნულ საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციაზე, სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვის გარდა, ასევე უნდა აირჩიონ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი/წევრები, ხმის დამთვლელი კომისიის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრი/წევრები; საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი/წევრები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

XS
SM
MD
LG