Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან მურუსიძე:  „მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე“


ლევან მურუსიძე, მოსამართლე
ლევან მურუსიძე, მოსამართლე

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის თქმით, წლების განმავლობაში მიმდინარეობს სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია და მოსამართლეების დევნა, რომ სასამართლო სისტემიდან მოსამართლეები გაყარონ.

„მიდის მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია, ანუ ქმნიან ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაყრა. ვინც გამოდის და ამბობს, რომ ქვეყანას არ აქვს სასამართლო სისტემა და ესენი არიან კორუმპირებულები, სპეციალურად ქმნიან ამ აჟიოტაჟს და ამ საფუძველს, ზუსტად ეს ადამიანები ცდილობენ, რომ სასამართლო სისტემა დაიქვემდებარონ. მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე. მაგრამ აქ არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას, ჩანს, რომ ძალიან ბევრ მოსამართლეს წინასწარ გამოუტანეს განაჩენი. ხომ შეიძლება ჩატარდეს „ვეტინგი“ და გავიაროთ ეს კეთილსინდისიერების ტესტი?! წინასწარ როდესაც აცხადებ, რომ სასამართლო სისტემაში არიან კორუმპირებულები, წინასწარ გაქვს უკვე გამოთქმული მოსაზრება და მიზანმიმართულად ამბობ, რომ ეს მოსამართლეები არიან გასაყრელი სასამართლო სისტემიდან, აქედან გამომდინარე, შენ ის არ გაინტერესებს“, - განაცხადა ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციის დაწყების წინ.

მისი თქმით, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და საქართველოს სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი:

„ჩემი აზრით, ეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, ვინაიდან ალბანეთი, რომელშიც დაინგრა სასამართლო სისტემა „ვეტინგის“ საშუალებით, დღესაც არ არის ევროკავშირის წევრი. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ“.

24 მარტისთვის დანიშნულ საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციაზე, სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვის გარდა, ასევე უნდა აირჩიონ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი/წევრები, ხმის დამთვლელი კომისიის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრი/წევრები; საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი/წევრები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

XS
SM
MD
LG