Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა ლუიზიანის პრაიმერიზში გაიმარჯვეს


დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ჯო ბაიდენი. საპრეზიდენტო არჩევნების დებატები. 29 სექტემბერი, 2020.
დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ჯო ბაიდენი. საპრეზიდენტო არჩევნების დებატები. 29 სექტემბერი, 2020.

ამერიკის ლუიზიანის შტატში გაიმართა პრაიმერიზი - კენჭისყრა, რომლის შედეგადაც პოლიტიკური პარტიები წყვეტენ, ვინ იქნება მათი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში. დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, როგორც მოსალოდნელი იყო, გახდა მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რესპუბლიკელებისა კი - დონალდ ტრამპი, რომელიც 2017-2021 წლებში იყო პრეზიდენტი.

ლუიზიანაში პრაიმერიზის შედეგი პროგნოზირებადი იყო, აღნიშნავს Associated Press-ი. ბაიდენიც და ტრამპიც თავ-თავიანთი პარტიების ერთადერთი კანდიდატები დარჩნენ, მათმა კონკურენტებმა უკვე მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები. მაგრამ გამოცემის თანახმად, უპარტიო ამომრჩეველთათვის არც ბაიდენს და არც ტრამპს არა აქვთ ცალსახად დადებითი რეპუტაცია. ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას ბევრნი სდებენ ბრალს არასაკმარისად გადამწყვეტი ნაბიჯების მიღებაში ღაზის კონფლიქტში ისრაელსა და დაჯგუფება ჰამასს შორის (აშშ-სა და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად). ტრამპის რეპუტაციას კი ამძიმებს სისხლის სამართლის ბრალდებები თაღლითობასა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მუხლებით.

მიუხედავად ამისა, პრაიმერიზზე ბაიდენმაც და ტრამპმაც დამაჯერებლად გაიმარჯვეს რამდენიმე შტატში. კამპანიის მსვლელობისას ორივე პოლიტიკოსი ემყარება თავიანთ მიღწევებს თეთრ სახლში მუშაობის პერიოდში და ერთმანეთს ამერიკისთვის საფრთხედ წარმოაჩენენ.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი. ტრადიციულად ძირითადი ბრძოლა იმართება ხოლმე ორი დიდი პარტიის, დემოკრატიულისა და რესპუბლიკურის, კანდიდატებს შორის. როგორც მოსალოდნელია, ისინი ბაიდენსა და ტრამპს დაასახელებენ კანდიდატებად.

ბაიდენისა და ტრამპის გარდა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადეს ასევე აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ძმისშვილმა, რობერტ ფრენსის კენედი უმცროსმა, მწვანეთა პარტიის კანდიდატმა ჯილ სტაინმა, ფილოსოფოსმა კორნელ უესტმა. საკუთარ კანდიდატს წამოაყენებს ლიბერტარიანული პარტია.

XS
SM
MD
LG