უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა მოსკოვის ოლქში საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“ პარასკევს მომხდარ ტერაქტს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს, მომხდარისთვის პასუხისმგებლობა „ვიღაც სხვას“ დააკისროს.
„მათ ყოველთვის ერთნაირი მეთოდები აქვთ. ეს უკვე იყო. აფეთქებული სახლებიც [მოსკოვსა და რიაზანში 1999 წელს - რედ.] იყო, დახვრეტებიც, აფეთქებებიც. და ისინი ყოველთვის სხვებს სდებდნენ ბრალს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
„გუშინაც მოხდა ყველაფერი ეს და ეს არარაობა პუტინი, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი, რუსეთის მოქალაქეებით ყოფილიყო დაკავებული, მათთვის მიემართა, ერთი დღე-ღამე დუმდა - ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა ეს უკრაინასთან. აბსოლუტურად ყველაფრის წინასწარ პროგნოზირება შეიძლება“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის აზრით, „თუკი რუსეთის მოქალაქეები მზად არიან, მდუმარედ დაიღუპონ ‘კროკუსებში’ და საკუთარ სპეცსამსახურებს არავითარი კითხვები არ დაუსვან, მაშინ პუტინი შეეცდება, ასეთი სიტუაცია კიდევ არაერთი გამოიყენოს საკუთარი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ“.
შაბათს ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში ილაპარაკა „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ტერაქტთან დაკავშირებული ყველა პირი ნაპოვნია და დაკავებულია. პუტინის სიტყვებით, დაკავებამდე ისინი მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათთვის უკრაინის მხრიდან თითქოს მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადასაკვეთად. მას დეტალები არ დაუსახელებია.
22 მარტს, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში, თავდასხმა მოაწყვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ადამიანებმა, რომლებიც სროლით შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში და ცეცხლი გაუხსნეს კონცერტის დაწყების მოლოდინში შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტს ათასობით ადამიანი უნდა დასწრებოდა.
Reuters-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.
ტერაქტის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 133 ადამიანი და დაჭრილია ასზე მეტი. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მსხვერპლის რიცხვი ალბათ გაიზრდება.