Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულმა რაკეტებმა „დნეპროჰესის“ ორივე სადგური დააზიანა


ზაპოროჟიეში მდებარე „დნეპროჰესზე“ სარაკეტო შეტევა 22 მარტს განხორციელდა.
ზაპოროჟიეში მდებარე „დნეპროჰესზე“ სარაკეტო შეტევა 22 მარტს განხორციელდა.

რუსეთის დღევანდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულია ზაპოროჟიეში მდებარე „დნეპროჰესის“ ორივე სადგური. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს განუცხადა ჰიდროელექტროსადგურის მფლობელი კომპანია „უკრჰიდროენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა იჰორ სიროტამ.

მისი ინფორმაციით, ჰესის თანამშრომლებში მსხვერპლი არ არის.

სიროტას თანახმად, დაზიანებულია კაშხალიც, თუმცა ამ ეტაპზე ნგრევის საფრთხე არ არსებობს. ენერგოკომპანიის ხელმძღვანელის ცნობით, ყველაზე სერიოზულად დაზიანდა ჰესის მეორე სადგური, რომელსაც ორი რაკეტა პირდაპირ მოხვდა. ამ სადგურის აღდგენა შესაძლოა, ვერ მოხერხდეს, თუმცა საბოლოო დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

იჰორ სიროტას განცხადებით, იმედია, მსოფლიო თანამეგობრობას ადეკვატური რეაქცია ექნება, რადგან კახოვკის ჰესის დანგრევის გამო რუსეთს დიდი შედეგები არ უგრძნია და განაგრძობს უკრაინის ჰესებზე შეტევას, რასაც შესაძლოა, მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფა მოჰყვეს.

უკრაინაზე რუსეთის დღევანდელმა მასირებულმა შეტევამ უკრაინის ენერგოსისტემის პარალიზება გამოიწვია. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, გენერალ ოლეშჩუკის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 63 დრონი და სხვადასხვა ტიპის 88 რაკეტა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 55 დრონი და 37 რაკეტა გაანადგურეს.

ენერგოობიექტებზე თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სუმის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ხარკოვის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს და ოდესის ოლქების დიდ ნაწილს. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგომ“ ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი აამოქმედა.

კომპანიის ხელმძღვანელის, ვოლოდიმირ კუდრიცკის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური იერიში განხორციელდა.

კუდრიცკის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში „კომბინირებული საშუალებებით“ შეუტია თბოელექტროსადგურებს, ჰესებს და მაგისტრალურ ქვესადგურებს. „უკრენერგოს“ ხელმძღვანელის თანახმად, ყველაზე დიდი ზიანი ხარკოვს მიადგა.

XS
SM
MD
LG