2023 წლიდან ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში გაგზავნა დაახლოებით 7000 კონტეინერი, რომლებიც დატვირთული იყო საბრძოლო მასალითა და სხვა სამხედრო აღჭურვილობით.
ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ჩრდილოეთი კორეა თავდაპირველად გემებს იყენებდა, მაგრამ ახლა სულ უფრო ხშირად მიმართავს სარკინიგზო საშუალებებს იარაღის ტრანსპორტირებისთვის, აღნიშნა მან.
შინ უონ-სიკის თქმით, ფხენიანმა, სავარაუდოდ, რუსეთისგან სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ მიიღო 9000-ზე მეტი კონტეინერი დახმარების სახით. თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის სამხედროებმა თქვეს, რომ ფხენიანმა იაპონიის ზღვისკენ მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
აშშ-მა და სამხრეთმა კორეამ ადრე ჩრდილოეთი კორეა დაადანაშაულეს უკრაინის ომის დროს რუსეთისთვის ჭურვებისა და სხვა სამხედრო დახმარების გაგზავნაში. როგორც რუსეთმა, ასევე ჩრდილოეთმა კორეამ უარყვეს ეს ბრალდებები.
თებერვალში The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა, საბრძოლო მასალის სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეას მისცა გლობალურ ფინანსურ სისტემაზე წვდომის საშუალება და ასევე განბლოკა ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთი აქტივი, რომლებიც გაეროს სანქციებს ექვემდებარებოდა.