საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვეტინგის საკითხს "ქართული ოცნება" "აბსოლუტურად დახურულად" აცხადებს. ამის შესახებ მან დღეს, 18 აპრილს, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"თამამად შეგვიძლია, ეს საკითხი აბსოლუტურად დახურულად გამოვაცხადოთ. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს არცერთ სფეროსთან დაკავშირებით ისეთი სისტემის შექმნას, სადაც საქართველოს ან მისი ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, როგორი მეგობრული დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ამ სხვა ქვეყნებთან. კატეგორიულად და პრინციპულად ვაცხადებთ, რომ სუვერენიტეტზე, ქვეყნის კონსტიტუციაზე და დამოუკიდებლობაზე დარტყმას ჩვენ საკუთარი ხელით ნამდვილად არ ვაპირებთ. ამიტომ ეს საკითხი დახურულია და თავს ნუ შეიწუხებენ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგმა“ „ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე“ 2024 წლის 4 მარტს გამოაქვეყნა სია იმ 57 მოსამართლისა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24 მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 მოსამართლე წევრი, სხვადასხვა სასამართლოს 24 თავმჯდომარე და პალატების/კოლეგიების 3 თავმჯდომარე), რომლებსაც ე.წ. ვეტინგი უნდა შეეხოთ.
ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ სხვა დათქმების შესრულებასთან ერთად, კეთილსინდისიერების შემოწმების დროებითი მექანიზმიც უნდა შექმნას.