Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა პირველად ახსენა ნავალნის გვარი და დაადასტურა, რომ განიხილავდა მის გაცვლას


რუსეთის პრეზიდენი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვის „გოსტინი დვორში“ გამართულ პრესკონფერენციაზე თავისი ოპონენტის, ალექსეი ნავალნის გვარი პირველად ახსენა და კომენტარი გააკეთა იამალის კოლონიაში პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ.

პუტინმა ოპოზიციის ლიდერის გარდაცვალებას "სამწუხარო მოვლენა" უწოდა და დაადასტურა, რომ განიხილავდა ნავალნის გაცვლას იმ პირობით, თუ იგი რუსეთში აღარ დაბრუნდებოდა. პუტინის თქმით, ნავალნის გაცვლის იდეა დასავლეთის ქვეყნებში მყოფ ზოგიერთ პატიმარში მისი ადმინისტრაციის მიღმა მყოფმა „ზოგიერთმა კოლეგამ“ შესთავაზა.

"ადამიანს, რომელიც ამაზე მელაპარაკებოდა, ჯერ ფრაზაც არ ჰქონდა დასრულებული, თანახმა ვარ-მეთქი, ვუთხარი. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა", - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პატიმრების გარდაცვალება აშშ-შიც ხდება.

მანამდე ალექსეი ნავალნის თანამებრძოლმა და საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელმა მარია პევჩიხმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ 15 თებერვალს, საღამოს, მიიღო დადასტურება, რომ მოლაპარაკებები [ნავალნის გაცვლაზე] მიმდინარეობდა და ის ფინალურ ეტაპზე იყო, თუმცა "16 თებერვალს ალექსეი მოკლეს“.

პევჩხის თქმით, ნავალნი ჩეჩენი სეპარატისტების ყოფილი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში მსჯავრდადებულ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელ, ვადიმ კრასიკოვში უნდა გაეცვალათ.

  • კრემლის კრიტიკოსი პოლიტიკოსი და ანტიკორუფციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა საგანგებო რეჟიმის კოლონია "პოლარულ მგელში". მისი სიკვდილის შესახებ დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი გარდაიცვალა ბუნებრივი მიზეზებით. პოლიტიკოსის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს.
  • ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის ქალაქებში და საზღვარგარეთ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი აქციები მოეწყო. პოლიტიკოსის დაკრძალვაზე მოსკოვში 16 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა.
XS
SM
MD
LG