Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"როსკომნადზორმა", როგორც ჩანს, პირდაპირ დაიწყო საიტების დაბლოკვა


რუსეთის მედიისა და საკომუნიკაციო საშუალებათა მარეგულირებელმა უწყებამ, „როსკომნადზორმა“, დაახლოებით ათი დღის წინ შეწყვიტა აკრძალული საიტების რეესტრის გამოქვეყნება, საიდანაც რუსეთის ოპერატორები იღებდნენ ინფორმაციას საიტების შესახებ, რომლების დაბლოკვაც იყო საჭირო და ამის საფუძველზე საძიებო სისტემები ბლოკავდნენ ამ რესურსებს. ამას ყურადღება მიაქცია „კომერსანტმა“. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახლა დაბლოკვას თავად პირდაპირ „როსკომნადზორი“ ახორციელებს საკომუნიკაციო ქსელებზე მოქმედი მოწყობილობის მეშვეობით.

როგორც „კომერსანტი“ აღნიშნავს, მარტის დამდეგამდე „როსკომნადზორი“გადაწყვეტილებას იღებდა დღეში საშუალოდ 800-მდე მისამართის დაბლოკვის შესახებ. მონაცემები უკვე ათი დღის განმავლობაში არ განახლებულა. რეესტრში უკანასკნელი ჩანაწერები 4 მარტითაა დათარიღებული. „როსკომნადზორში“ ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხეს.

ის, რომ რეესტრის განახლება არ ხდება, არ ნიშნავს, რომ საიტები არ იბლოკება. კერძოდ, „როსკომნადზორის“ დაქვემდებარებაში მყოფმა „რადიოსიხშირეების მთავარმა ცენტრმა“ 11 მარტს გამოაქვეყნა ცნობა, რომ უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში დაიბლოკა 576 წყარო. ექსპერტები, რომელთა სიტყვები მოჰყავს „კომერსანტს“, მიიჩნევენ, რომ საიტების დაბლოკვა შეიძლება წარმოებდეს ან რეესტრში მათი შეტანით, ან მოწყობილობის საშუალებით, რომელსაც ოპერატორთა ქსელებში აყენებენ. ის გამოიყენება ე.წ. რუნეტის სუვერენულობის შესახებ კანონის შესაბამისად. მეორე შემთხვევაში ლაპარაკია ფარულ დაბლოკვაზე და სასამართლოში მისი გასაჩივრება რთულია. „კომერსანტის“ წყაროს მიაჩნია, რომ საიტების დაბლოკვა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაიწყეს.

განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლის განმავლობაში რუსეთში დაბლოკეს ასობით საინტერნეტო რესურსი, მათ შორის მსხვილი სოცქსელები და ბევრი დამოუკიდებელი მედიასაშუალების საიტები.

2019 წელს რუსეთში ძალაში შევიდა კანონი „სუვერენული რუნეტის“ შესახებ, რომელიც ოპერატორებს ავალდებულებს, თავიანთ ქსელებში დააყენონ ტექნიკური საშუალებები საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად. ისინი „როსკომნადზორს“ საშუალებას აძლევს, საიტები დაბლოკოს პირდაპირ, ოპერატორებისთვის მიმართვის გარეშე.

XS
SM
MD
LG