Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში ღარიბაშვილის და ბურჭულაძის მრჩევლად მუშაობდა


მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქცირებულ რუს ოლიგარქთან დაკავშირებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდებზე.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა "მთავარი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა გავრცელებიდან მომდევნო დღეს, დღეს - 15 მარტს და აღნიშნა, რომ დავით ხიდაშელი მინისტრის მრჩეველი იყო 2020 წლიდან 2024 წლის თებერვლამდე პერიოდში.

"მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით, საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გვსურს განვმარტოთ შემდეგი: 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად", - წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო 2019 წლის სექტემბრიდან, მისი გაპრემიერების შემდეგ, 2021 წლის 22 თებერვლიდან, ამ თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე იკავებდა.

"საჯარო სამსახურის შესახებ" (მუხლი 81) საქართველოს კანონის მიხედვით, თუ მინისტრი ტოვებს თანამდებობას, ავტომატურად გათავისუფლებულად ითვლება მისი მრჩეველიც. გამოდის, რომ ხიდაშელის დანიშვნის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროში ორივე ყოფილმა მინისტრმა მიიღო.

თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ ხიდაშელი აღარ არის მრჩეველი.

დავით ხიდაშელი დაკავშირებულია რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან. ევტუშენკოვი, მსხვილი რუსული კორპორაცია „სისტემის“ მფლობელი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.

ხიდაშელის სახელი და გვარი უკავშირდება ე.წ. კარტოგრაფების საქმეს - ის მთავარი მოქმედი პირია, გამოძიება მის მიერ რუსეთში მოპოვებული რუკების საფუძველზე დაიწყო.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ეს საქმე ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული იყო. თავად დავით ხიდაშელის თქმით, რუკების მოპოვება მას პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, სთხოვა.

XS
SM
MD
LG