Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც ნოემბრიდან იყვნენ დაკავებული


ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქეები ერგნეთში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთან ერთად. 14 მარტი, 2024 წელი
ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქეები ერგნეთში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთან ერთად. 14 მარტი, 2024 წელი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ციხიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ისინი სასჯელს „სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის“ იხდიდნენ.

"სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის 2023 წლის 24 ნოემბერს დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, 1994 წელს დაბადებული დიტო კორინთელი და 1988 წელს დაბადებული მელაძე გიორგი, მიმდინარე წლის 13 თებერვალს ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ და მიესაჯათ ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა", - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

დე ფაქტო კაგებეში აღნიშნეს, რომ კორინთელი და მელაძე ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს.

მათი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. უწყების განცხადებით, გიორგი მელაძისა და დიტო კორინთელის დაუყოვნებელი გათავისუფლებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი.

"საკითხი საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მწვავედ დააყენა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება", - წერია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი კორინთელი და გიორგი მელაძე, თანასოფლელ ხვიჩა კორინთელთან ერთად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასულ წელს, გიორგობის მეორე დღეს, 24 ნოემბერს, სოფელ აძვის ეკლესიიდან გაიტაცეს.

წმინდა გიორგის სახელობის აძვის ეკლესია რამდენიმე წელია, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოაქციეს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც ადგილობრივები იქ უპრობლემოდ მიდიოდნენ, მაგრამ დაახლოებით 5 წლის წინ ტერიტორია ოკუპირებულად გამოაცხადეს.

დაკავებულთა ნათესავების მონათხრობით, ხვიჩა კორინთელი ძმისშვილთან, დიმიტრი კორინთელთან და თანასოფლელ გიორგი მელაძესთან ერთად სწორედ ამ ეკლესიაში წავიდა, თუმცა ისინი დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ხვიჩა კორინთელი ცხინვალიდან 5 დეკემბერს გაათავისუფლეს, ხოლო გიორგი მელაძეს და დიმიტრი კორინთელს პატიმრობა შეუფარდეს. ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს 6 მოქალაქე რჩება.

XS
SM
MD
LG