რამდენიმე თვეში საქართველოში რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს, რომლებსაც ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობები აქვთ, დოკუმენტი გაუუქმდება. იუსტიციის სამინისტრო ID ბარათების აღებას მათ 15 მარტიდან უფასოდ სთავაზობს.
თუ მოქალაქეები დოკუმენტებს არ განაახლებენ, ვერ შეძლებენ არათუ არჩევნებზე ხმის მიცემას, არამედ საბანკო მომსახურებებით სარგებლობას, მათ შორის ვერ აიღებენ პენსიას.
პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება მხოლოდ მათთვის, ვინც ამ დრომდე ფლობს უვადოდ გაცემულ ე.წ. ქაღალდის დოკუმენტს. 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, ასეთი იყო დაახლოებით 230 ათასი ადამიანი.
საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის დეკემბერში მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული ყველა ლამინირებული პირადობის მოწმობა.
განახლებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ან პასპორტით. პარლამენტმა კანონმდებლობა სწორედ ამ მიზეზით შეცვალა და ლამინირებული პირადობის მოწმობის გაუქმება გადაწყვიტა.