Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CNN: 2022 წლის მიწურულს აშშ ემზადებოდა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე პოტენციური ბირთვული დარტყმისთვის


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

ტელეკომპანია CNN-ის ექსკლუზიური მასალების თანახმად, 2022 წლის ბოლოს აშშ-მა დაიწყო "აქტიური მზადება" რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ბირთვული იარაღით პოტენციური დარტყმისთვის - რაც იქნებოდა პირველი ატომური თავდასხმა ომის დროს მას მერე, რაც თითქმის 80 წლის წინ აშშ-მა ატომური ბომბები ჩამოაგდო ჰიროსიმასა და ნაგასაკიში. ამის შესახებ CNN-ს მოუთხრო ადმინისტრაციის ორმა მაღალჩინოსანმა.

წყაროების თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია განსაკუთრებით შეშფოთებული იყო რუსეთის მხრიდან ტაქტიკური ან საბრძოლო ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობით.

ცნობის თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ვარაუდამდე მივიდა არა ერთი ინდიკატორით, არამედ რამდენიმე პროცესით, ანალიზითა და მნიშვნელოვანი სადაზვერვო მონაცემებით. წყაროების თქმით, ადმინისტრაციის შიში მხოლოდ ჰიპოთეზას არ ეფუძნებოდა და ის გარკვეული ინფორმაციით საზრდოობდა.

2022 წლის გვიანი ზაფხულიდან გვიანდელ შემოდგომამდე პერიოდში აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭომ რამდენიმე შეხვედრა გამართა შესაბამისი გეგმების შემუშავების მიზნით - ვკითხულობთ CNN-ის ცნობაში.

2022 წლის ზაფხულის ბოლოს რუსეთის ძალების საქმე უკრაინაში ცუდად იყო - უკრაინელი მეომრები უტევდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონს, ქვეყნის სამხრეთში, უკრაინის სამხედროების წინსვლის ფონზე, რუსეთის დანაყოფები ალყის შემორტყმის საფრთხეში იყვნენ. ადმინისტრაცია თვლიდა, რომ რუსეთის მიერ ხერსონის დაკარგვა - რომელიც, პუტინის აზრით, ახლა რუსეთის ტერიტორიის ნაწილი იყო - შეიძლებოდა გამხდარიყო პოტენციურ ნიშნულად ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის.

ამასთან, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის მიმდინარეობდა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული დარტყმის მიტანის შესაძლებლობის განხილვა.

თუმცა აშშ-ს არცერთხელ არ მოუპოვებია სადაზვერვო ცნობები, რომ რუსეთი ნაბიჯებს დგამდა თავისი ბირთვული ძალების მობილიზაციაში მოსაყვანად, ამგვარი შეტევის განხორციელების მიზნით, - აღნიშნავს CNN.

XS
SM
MD
LG