Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2015 წლის შემდეგ შარშან ირანში ყველაზე მეტი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით


საილუსტრაციო ფოტო: სიკვდილმისჯილი მეჰდი ფარაჯის ფეხები. ის ყაზვინში ჩამოახრჩვეს საჯაროდ ოთხ სხვა პირთან ერთად 2011 წელს. 2023 წელს წინა წელთან შედარებით 43%-ით მეტი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით ისლამურ რესპუბლიკაში.
საილუსტრაციო ფოტო: სიკვდილმისჯილი მეჰდი ფარაჯის ფეხები. ის ყაზვინში ჩამოახრჩვეს საჯაროდ ოთხ სხვა პირთან ერთად 2011 წელს. 2023 წელს წინა წელთან შედარებით 43%-ით მეტი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით ისლამურ რესპუბლიკაში.

სულ მცირე 834 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით ირანში შარშან, რაც 43%-ით აღემატება 2022 წლის მონაცემს. ამის შესახებ წერია ირანის ადამიანის უფლებების ჯგუფის (IHR) და პარიზში დაფუძნებული ორგანიზაციის, „ერთად სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ“ ერთობლივ ანგარიშში, რომელიც 5 მარტს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, ირანის ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია ცნობები სიკვდილით დასჯის ყველა შემთხვევის 85%-ის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილით დასჯის რეალური რაოდენობა ბევრად მაღალია.

ანგარიშის ავტორების თანახმად, ათეულობით სხვა შემთხვევა ვერ შეიტანეს დოკუმენტში, რადგან არ მოეპოვებოდათ საკმარისი დეტალები ან ეს შემთხვევები ვერ დასტურდებოდა ორი სხვადასხვა წყაროს მიერ. IHR-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაჰმუდ ამირი-მოჰადამის თქმით, „საზოგადოებაში შიშის დათესვა რეჟიმის ერთადერთი მეთოდია ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ხოლო სიკვდილით დასჯა - მისი უმნიშვნელოვანესი იარაღი.“

უფლებადამცავები წერენ, რომ სასიკვდილო განაჩენების რაოდენობის მკვეთრად გაზრდა, ნარკოტიკების გარდა, უკავშირდება ფართო საპროტესტო აქციებს, რომლებიც ირანში გაიმართა 22 წლის ირანელი ქურთი ქალის, პოლიციის მიერ დაკავებული მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ. ამინი პოლიციამ დააკავა თავსაფრის არასწორი ტარების გამო.

ანგარიშის თანახმად, ირანი მეორე ადგილზეა მსოფლიოში სიკვდილით დასჯის რაოდენობით და მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება.

IHR-ის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს სისრულეში მოყვანილი სასიკვდილო განაჩენებიდან 471 უკავშირდება ნარკოტიკების საქმეებს. ეს მონაცემი ორჯერაა გაზრდილი წინა წელთან შედარებით.

ირანში შარშან სიკვდილით დასაჯეს მსოფლიოში ყველაზე მეტი, 22 ქალი. ჩინეთის მონაცემები ამ მხრივ არაა ცნობილი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ეთნიკური უმცირესობების წილი არაპროპორციულად დიდია სიკვდილის დასჯილთა საერთო რაოდენობაში.

XS
SM
MD
LG