Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთის ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს მოქალაქის სიკვდილს „ბოევიკების“ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისას


ინგუშეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო გავრცელებულ ცნობებს მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლის შესახებ ყალბს უწოდებს.
ინგუშეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო გავრცელებულ ცნობებს მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლის შესახებ ყალბს უწოდებს.

ინგუშეთის ქალაქ ყარაბულახის ნაწილში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის დროს, რომელიც 2 მარტს იქნა შემოღებული, ხუთი „ბოევიკია“ მოკლული. სროლის დროს შესაძლოა დაღუპულიყო ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხზე ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო Baza.

ინგუშეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო გავრცელებულ ცნობებს მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლის შესახებ ყალბს უწოდებს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებით ემუქრება მათ, ვინც „ყალბ ინფორმაციას საჯაროდ ავრცელებს“.

ინფორმაცია ინგუშეთის ქალაქ ყარაბულახის ნაწილში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის შემოღების შესახებ 2 მარტს გაავრცელა სააგენტო „რია ნოვოსტიმ“, ინგუშეთის რესპუბლიკის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით. თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ ქალაქის ნაწილში ხმამაღალი სროლის ხმა ისმოდა.

ვიდეოში, რომელიც 2 მარტს ტელეგრამ არხზე გავრცელდა და აღწერის თანახმად შემთხვევის ადგილას იყო გადაღებული, ისმის როგორც აფეთქებების, ისე ავტომატური იარაღიდან სროლის ხმა - ამის შემდეგ საცხოვრებელ სახლს ხვდება ჭურვი. კადრში ჩანს აფეთქებაც.

2 მარტს, საღამოს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის მეოთხე სართულის ბლოკირება მოახდინეს. მანამდე კორპუსის მცხოვრებლები ახლომდებარე სკოლაში გადაიყვანეს.

სროლა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებსა და „ბოევიკებს“ შორის რამდენიმე საათს გაგრძელდა. კონტრტერორისტული ოპერაცია გამთენიისას დასრულდა.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ლიკვიდირებულია ხუთი ან ექვსი „ბოევიკი“.

ოფიციალური ინფორმაცია დაღუპულებზე არ ვრცელდება. არ ვრცელდება ინფორმაცია არც კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის დასრულების შესახებ.

მწირი ინფორმაცია ვრცელდება თავად „ბოევიკებზეც“. სხვადასხვა მედიის ცნობით, ლაპარაკია ექვს პირზე. ოპერაციამდე ერთი დღით ადრე, ყარაბულახის სამხრეთით, ერთ-ერთ მიტოვებულ სააგარაკე სახლში, აღმოჩენილ იქნა საბრძოლო მასალის საცავი. „ბოევიკები“ შეიარაღებული იყვნენ დიდი რაოდენობით ავტომატური იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობებით. ამის შესახებ წერს „იზვესტია“.

XS
SM
MD
LG