Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარი - ნავალნი რუსეთში "ექსტრემისტულ სიმბოლიკას" გაუთანაბრეს


ციხეში დაღუპული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის - ალექსეი ნავალნის გვარი ექსტრემისტულ სიმბოლიკად გამოცხადდა. ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის ოთხი რეგიონის სასამართლოებმა მიიღეს, - იუწყება უფლებადამცველთა პროექტი "Первый отдел".

ცნობა ეყრდნობა ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის სამი მონაწილის წინააღმდეგ გამოცემულ დადგენილებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ - ჩელიაბინსკში, კრასნოდარსა და მურმანსკში. მანამდე, ნავალნის გვარის ხსენებისთვის აქციის მონაწილე დასაჯეს ულიანოვსკშიც.

ოთხ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ იმის გამო მიესაჯათ, რომ პლაკატებზე ეწერათ გვარი - ნავალნი. სასამართლოს დადგენილებებში მითითებულია, რომ „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა [2021 წლიდან], ხოლო გვარი ნავალნი - „ატრიბუტიკად და სიმბოლიკად“ სახელდება.

„სასამართლოს არცერთი გადაწყვეტილებით არ იკრძალება და ვერც აიკრძალება გვარი - ნავალნი“, - წერს "Первый отдел"-ი. თუმცა იმის გამო, რომ ოთხი სასამართლო გეოგრაფიულად ვრცელ არეალს მოიცავს, უფლებადამცველები ნავალნის გვარის გამო ადამიანების დასჯას უკვე დამკვიდრებულ პრაქტიკად თვლიან და არა ცალკეულ შემთხვევებად.

რუსი ოპოზიციონერი - ალექსეი ნავალნი - პირველ მარტს დაკრძალეს მოსკოვში, მისი ბავშვობის სახლის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოზე. ის არქტიკაში მდებარე ციხეში იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა.

მის დაკრძალვაზე, ბევრისთვის მოულოდნელად, საკმაოდ ბევრი ადამიანი მივიდა. პოლიციამ ათიათასობით მოქალაქეს არ მისცა საშუალება, დასწრებოდა დასაფლავების ცერემონიას.

ნათესავებს და ახლობლებს საშუალება ჰქონდათ, ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში მისულიყვნენ ხანმოკლე პანაშვიდზე, სანამ ნავალნის ცხედარს სასაფლაოზე გადაასვენებდნენ. ხალხი მასთან გამოთხოვებას ითხოვდა, თუმცა ეკლესიაში მხოლოდ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოახერხა შესვლა.

შეკრებილები "მომავლის რუსეთისთვის" მადლობას უხდიდნენ პოლიტიკოსს, რომელსაც ისინი პუტინის მმართველობის მსხვერპლად თვლიან. მათ მადლობა გადაუხადეს ალექსეი ნავალნის მშობლებსაც.

XS
SM
MD
LG