Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ხაზარაძე ამბობს, რომ მისი საქმე სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო

ხაზარაძე ამბობს, რომ მისი საქმე სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი და "თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი საქმე სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო. ეს არის ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც საქართველოში სასამართლო განხილვები წლების განმავლობაში გრძელდებოდა - ამ საქმეზე ბრალი წაუყენეს მამუკა ხაზარაძეს და მის პარტნიორ ბადრი ჯაფარიძეს.

"სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო. ბიძინა [იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი], მალე დადგინდება საერთაშორისო სასამართლოში, ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი თაღლითი და ვინ იყენებს ქართულ სასამართლოს პოლიტიკური დევნისთვის და პირადი მიზნებისთვის", - წერს ფეისბუკში მამუკა ხაზარაძე.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურსაც. ეს უწყება წარმოადგენს ქვეყანას სტრასბურგის სასამართლოში. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ საქმის წარმოება წლების წინ დაიწყო. 2018 წლის აგვისტოში გამოძიება 10 წლით ადრე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო, 2019 წლის წლის 24 ივლისს კი მათ ბრალი წარუდგინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზების (ფულის გათეთრების) კვალიფიკაციით.

ბრალის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, 2019 წლის 9 ივლისს, მამუკა ხაზარაძემ საჯაროდ განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნების იდეაზე - “ლელო” პარტიად 2019 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა.

“ფულის გათეთრების” საქმეს ბრალდებულები პოლიტიკურ დევნად მიიჩნევდნენ. მამუკა ხაზარაძემ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში თქვა, რომ 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ [2018 წლის 28 ნოემბერი], მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან, მიიღო მუქარის შემცველი წერილი, რომელშიც ლაპარაკი იყო მათი რეპუტაციის განადგურებაზე, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

ხაზარაძემ ეს პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა. ეს ფაქტი მან გაიხსენა 2022 წლის 11 იანვარს, დასკვნით სასამართლო სხდომაზე წარმოთქმულ საბრალდებო სიტყვაშიც და ხაზი გაუსვა იმას, რომ გამოძიება ამ ფაქტზე პროკურატურას არ დაუწყია. ხაზარაძემ დასკვნით სასამართლო სხდომაზე თქვა ისიც, რომ გასულ წელს ბიძინა ივანიშვილისგან ამ საქმის “დალაგების და დასრულების” შემოთავაზება მიიღეს.

საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2022 წლის იანვარში გამოაცხადა - ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა. მათ მოსამართლემ პატიმრობა არ შეუფარდა.

ამ განაჩენს არ დაეთანხმნენ პოლიტიკოსები და არც პროკურატურა. მათი საჩივრები სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და უზენაესმა სასამართლომ კი წარმოებაში არ მიიღო.

XS
SM
MD
LG