ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშეკა კმაყოფილია საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან „ნორმალური ურთიერთობებით“. ამის შესახებ მან 26 თებერვალს თქვა სომხეთის განცხადების პასუხად, გაყინოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (რუსული აბრევიატურა - ОДКБ) წევრობა.
„მადლობა ღმერთს, [საქართველოს] ნორმალური ურთიერთობა უყალიბდება, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან, ჩვენთან, ეკონომიკა იზრდება. გასინჯეს იოლი პური დასავლეთში. ამერიკელებმა უკვე დაივიწყეს საქართველო. როგორც კი ქართველები გაინძრნენ იმ მხრივ, რომ ეს მათი ქვეყანა თავისუფალი და სუვერენულია, დასავლეთმა დაიწყო მათზე ზეწოლა, მათ შორის და უპირატესად - აშშ-მა. ასე რომ, უნდა გამოიტანო შესაბამისი დასკვნა. ისინი დასავლეთში არავის სჭირდება, იქ ათასი პრობლემაა“, - განაცხადა ლუკაშენკამ.
მისი სიტყვებით, დღეს, მაგალითად, „აშშ-ში ბაიდენი დაეხმარება უკრაინას, სომხეთსა და ა.შ.“.
„ხვალ ხელისუფლება შეიცვლება და ტრამპი იტყვის: „მომისმინეთ, მე თქვენ არ გიცნობთ, მეგობრებო, პირველად გხედავთ“, - დაამატა მან.
შემდეგ კი საუბარი განაგრძო კვლავ საქართველოზე, რომელმაც დსთ დატოვა: „გასვლა ადვილია, მაგრამ შესვლა რთული იქნება. მაგალითი ისევ და ისევ საქართველოა. გავიდა ის დსთ-დან და ყველა სტრუქტურიდან. ეს რა მისთვის უკეთესია? არა, სასურველია დაბრუნდეს. მაგრამ დაბრუნება ყოველთვის უფრო რთულია. სახის დაკარგვაცაა და სხვაც“.
სომხურ მხარეს ლუკაშენკამ ურჩია, „არ იჩქარონ და არ გააკეთონ მკვეთრი მოძრაობები“. ამასთან ის მიიჩნევს, რომ თუ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გავა, ორგანიზაცია “არ ჩამოინგრევა“.
- 2002 წელს შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
- 22 თებერვალს, საღამოს, ფრანგულ ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში თავისი წევრობა გაყინა, რადგან ამ გაერთიანებამ არ შეასრულა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მიმართ არსებული ვალდებულებები. შეკითხვას, დატოვებს თუ არა სომხეთი ორგანიზაციას, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამას მომავალი აჩვენებს.
- კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომელშიც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს.
- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა არაერთი ალტერნატიული კავშირის იდეა წამოაყენა და ყოფილი „მოძმე რესპუბლიკების“ ერთად თავმოყრა არაერთ ფორმატში სცადა. 1991 წელს რუსეთის ინიციატივით შეიქმნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ, СНГ).
- საქართველო დსთ-ს წევრი 1993 წელს გახდა. ქვეყანამ ორგანიზაცია 2009 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა. 2018 წელს დსთ დატოვა უკრაინამაც. მოლდოვას ამ მიმართულებით მუშაობა აქვს დაწყებული.