Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო პროცესზე ონლაინჩართვის დროს.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო პროცესზე ონლაინჩართვის დროს.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ წერილობით გამოეხმაურა რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის კოლონიაში გარდაცვალებას.

სააკაშვილის სახელით, ფეისბუკზე, მის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი მოკლა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

„პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი. შარშან ნავალნიმ ციხიდან ჩემს მხარდასაჭერად წერილი გამოაგზავნა. პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით.

შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ხელი არ აუღია პუტინის დავალების შესრულებაზე და მეც ნავალნის მსგავსად ბოლომდე ვიბრძოლებ პუტინიზმის დამარცხებისთვის საქართველოში“, - წერს სააკაშვილი.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.

უწყების თანახმად, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, სასწრაფო დახმარება ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, ხოლო ექიმები ნავალნის რეანიმირებას ნახევარი საათის მანძილზე ცდილობდნენ.

პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა კომენტარზე უარი განაცხადა. მან დააზუსტა, რომ უფლებადამცველმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი ნორმალურად იყო. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა.

სიკვდილის მიზეზი ჯერ დადასტურებული არ არის.

2023 წლის 13 აპრილს ალექსეი ნავალნიმ, რომელიც რუსეთში, სასჯელაღსრულების კოლონიაში იხდიდა სასჯელს, საქართველოს ხელისუფლებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან სამკურნალოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

რუსი პოლიტიკოსი აღნიშნავდა, რომ არ იცნობდა სააკაშვილს და არც მისი გუნდის წევრებს, ასევე სუსტი წარმოდგენა ჰქონდა ქართულ პოლიტიკაზე, მაგრამ გადაწყვიტა, გამოეხატა აზრი, როგორც პიროვნებასა და ქრისტიანს.

„საქართველოს ბედნიერი ევროპული მომავლის მჯერა. ეს მაგარი ქვეყანაა, რომელსაც აყვავებისთვის ყველაფერი აქვს. მჯერა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება (სად არ არის იგი?) მშვიდობიანად და სასიკეთოდ გადაწყდება“, - წერდა ნავალნი 2023 წლის აპრილში.

XS
SM
MD
LG