Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოლცმა და ზელენსკიმ უკრაინის მხარდაჭერის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი


უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ბერლინში. 2024 წლის 16 თებერვალი
უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ბერლინში. 2024 წლის 16 თებერვალი

პარასკევს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და გერმანიაში ვიზიტად მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში ორმხრივ უკრაინის უსაფრთხოების თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დოკუმენტის თანახმად მიმდინარე წლისთვის უკრაინა შვიდ 7 მილიარდ ევროზე მეტ დახმარებას მიიღებს. ეს თანხები რუსეთთან ბრძოლაში მყოფი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას მოხმარდება. უკრაინული მხარის ცნობით, გერმანელ მწარმოებლებთან შესაბამისი კონტრაქტები უკვე დადებულია.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, შეთანხმებაში გერმანია ადასტურებს თავის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების, საერთაშორისო ტრიბუნალის შესაძლებლობისა და გერმანიაში რუსული აქტივების გაყინვის შესახებ. მომავალში რუსეთის აგრესიის საკითხებზე დოკუმენტი საგანგებო კონსულტაციების მექანიზმს ითვალისწინებს.

  • მოგვიანებით, პარასკევს, ვლადიმირ ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება, შაბათს კი საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც უკრაინის ლიდერი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის შესახებ ახალ შეთანხმებასაც მოაწერს ხელს. ევროპულ ტურნეში მყოფი ზელენსკი მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას გეგმავს.
  • 2023 წლის ივლისში, ვილნიუსში ნატოს სამიტის ფარგლებში, G7-ის ქვეყნები უკრაინას უსაფრთხოების გრძელვადიან ვალდებულებებს დაჰპირდნენ. გაერთიანებული სამეფო გახდა "ამ ჯგუფის" პირველი ქვეყანა, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარში კიევთან შესაბამისი ორმხრივი შეთანხმება გააფორმა.


საერთაშორისო მედიის ცნობით, კიევსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებამ, შესაძლოა, უკრაინის ნატოში გაწევრიანება დააჩქაროს.

XS
SM
MD
LG