Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზახაროვა: საქართველო ადრეც გამოიყენებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის


მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი
მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5 თებერვლის განცხადებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია 14 კგ-მდე ასაფეთქებელი ნივთიერება C-4, რომელიც რუსეთის ქალაქ ვორონეჟში გასატანად უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით შემოიტანეს საქართველოში მიმდინარე წლის 19 იანვარს.

ზახაროვა ამბობს, რომ „ეს პირველად არაა, როდესაც საქართველო და მისი ტერიტორია გამოიყენება მათ მიერ, ვისაც სურს პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარების დესტაბილიზაცია და მიმართავს ტერორისტულ მეთოდებს“.

„შეგახსენებთ სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო ტერორიზმის თავაშვებულობას, როდესაც სახელდობრ საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო ტერორისტებს შეჰქონდათ ან ცდილობდნენ შეეტანათ (ოდესღაც გამოვიდა, ოდესღაც აღიკვეთა) იარაღი, საბრძოლო მასალა, ამუნიცია, ფული და ნარკოტიკები, ურომლისოდაც ტერორიზმი მაშინაც და ახლაც, უკრაინული რეჟიმის მაგალითზე, უკვე არაა "სრულყოფილი“ თავის მახასიათებლებში“, - განაცხადა მან.

ზახაროვამ არ დააკონკრეტა, თანამშრომლობს თუ არა მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებასთან ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე.

„რაც შეეხება ანტიტერორისტულ საკითხებზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთქმედების არსებობას, ჩვენ გირჩევთ, დაუკავშირდეთ რუსეთის კომპეტენტურ უწყებებს შესაბამისი კომენტარებისთვის“, - აღნიშნა მან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა ბაჩა მგელაძემ 5 თებერვალს ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია 14 კგ-მდე ასაფეთქებელი ნივთიერება.

მისი თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება რუსეთში (ქალაქ ვორონეჟში) გასატანად უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით შემოიტანეს საქართველოში მიმდინარე წლის 19 იანვარს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით. ასაფეთქებელი ნივთიერებები, დამალვის მიზნით, შენახული იყო ავტომობილის აკუმულატორების ყუთებში.

სუსში აცხადებენ, რომ საქართველოდან რუსეთში "დარიალის" გამშვები პუნქტით სამი ასაფეთქებელი მოწყობილობის გატანა იგეგმებოდა უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით, სამი მოწყობილობა კი თბილისში დატოვეს.

ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში ჩართული იყვნენ საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე.

სუსის მიხედვით, "პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა".

უკრაინის საელჩო საქართველოში 6 თებერვალს გამოეხმაურა სუსის განცხადებას და აღანიშნა, რომ ამოწმებს ინფორმაციას და გამოხატავს "დაინტერესებას და მზადყოფნას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან საქმის ყველა გარემოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გარკვევისა და მისი რეალური ორგანიზატორების დადგენის მიზნით".

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუვრცელებია ინფორმაცია, თანამშრომლობს თუ არა რუსეთის შესაბამის უწყებებთან.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც გაწყვეტილია.

5 თებერვლის შემდეგ საქმის დამატებითი დეტალების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

XS
SM
MD
LG