Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატი ხუთშაბათს უკრაინის დახმარების კიდევ ერთ კანონპროექტს განიხილავს


სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი. ვაშინგტონი, 23 იანვარი, 2024.
სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი. ვაშინგტონი, 23 იანვარი, 2024.

აშშ-ის კონგრესი, მას შემდეგ, რაც, როგორც მოსალოდნელი იყო, გუშინ ჩავარდა კენჭისყრა საკანონმდებლო „პაკეტის“ თაობაზე უკრაინისთვის დახმარებისა და საიმიგრაციო კანონმდებლობის რეფორმის შესახებ, ხუთშაბათს მის შემოკლებულ ვარიანტს განიხილავს. მასში საუბარია მხოლოდ სახსრების გამოყოფაზე უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ვითარებას კი ის საერთოდ აღარ ეხება. უკრაინის დასახმარებლად ნავარაუდევია 61 მილიარდი დოლარის გამოყოფა.

სენატში დემოკრატთა უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა რესპუბლიკელებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ კანონპროექტს, ვინაიდან ის აღარ შეიცავს მიგრაციის შესახებ დებულებებს, რამაც გამოიწვია გუშინ მათი წინააღმდეგობა.

ოთხშაბათს პროცედურულ კენჭისყრაში 58-მა სენატორმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, 41 წინააღმდეგი იყო. მაგრამ დამატებითი დებატების გარეშე განხილვაზე მისი გატანისთვის საჭიროა 60 ხმა. გამოცემა Politico აღნიშნავს, რომ ძალზე რთული იქნება ამ რაოდენობის მოგროვება. სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარებას, მაგრამ ისინი ამ საკითხს კვლავაც აკავშირებენ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასთან. თავის მხრივ, დემოკრატები, მათ შორის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რესპუბლიკელებს ადანაშაულებენ პოლიტიკურ თამაშებში, რომლებიც საფრთხეს უქმნის აშშ-ის მოკავშირეებს.

პოლემიკაში ჩაერთო პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. მან დაწერა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რომლის პიროვნება კვლავაც ძალზე პოპულარულია რესპუბლიკელთა შორის, „საფლავში ბრუნავს“ მისი თანაპარტიელების ქცევის შემყურე.

კონგრესში არსებული იმ პრობლემების ფონზე, რაც შეიქმნა უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის თაობაზე, The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონში დაიწყეს მსჯელობა სხვა შესაძლო სქემებზე, კერძოდ, შეიარაღების გაცვლაზე მესამე ქვეყნებთან, რის შედეგადაც აშშ შეიარაღებას გადასცემს სხვა ქვეყნებს, ისინი კი - უკრაინას. ასევე საქმე შეიძლება შეეხებოდეს ევროკავშირის მიერ აშშ-ში შეიარაღების შესყიდვას შემდგომ უკრაინისთვის გადასაცემად. მაგრამ, როგორც გამოცემა წერს, ვერცერთი ეს სქემა ვერ შეცვლის აშშ-ის მხრიდან პირდაპირ დაფინანსებას.

XS
SM
MD
LG