ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის ხეობაში, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასამ ჩაიტანა სხალთა-ხიხაძირის საავტომობილო გზა და დაანგრია ხიდი. გამთენიისას განვითარებულ სტიქიურ მოვლენას გადაურჩა მოსახლეობა. ხეობის 20-მდე ოჯახს სახლების დატოვება მოუწია.
"მთელი გორა მოწყდა და ჩაიტანა გზაზე. ძლიერი ხმა გავიგეთ. სიბნელეში არაფერი ჩანდა. მეზობლებმა გადაძახილებით გავაგებინეთ ერთმანეთს, რომ მეწყერია. სოფლებიდან ხალხი სამშვიდობო ადგილას გადავიყვანეთ, მერე პირუტყვი გამოვიყვანეთ", - იხსენებს სხალთის თემის სოფელ ფაჩხაში მცხოვრები მურად შაინიძე.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, სხალთის ხეობაში განვითარებული მეწყერი ახალი კერაა.
"უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ხულოში საკმაოდ ბევრი მეწყერი განვითარდა, ეს ახალი კერებია. ძირითადად, საავტომობილო გზებზე ჩამოწვა. ახლა გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს", - ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი.
6 თებერვალს დიდთოვლობის შედეგად ზვავი და მეწყერი ჩამოწვა მაღალმთიან აჭარაში. ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიღუპა ორი ადამიანი. სტიქიური მოვლენების დროს ხულოს მუნიციპალიტეტში 70-ზე მეტი ახალი მეწყერი განვითარდა. ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებიდან 130-მდე ოჯახი გაასახლეს.
7 თებერვალს, გამთენიისას, მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა, დაიღუპა 9 ადამიანი.