Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის "ვერხოვნა რადამ" ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია სამი თვით გაახანგრძლივა


რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე, უკრაინის "ვერხოვნა რადამ" დაამტკიცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულება, უკრაინაში საომარი მდგომარეობის მორიგი სამი თვით გაგრძელების შესახებ.

2022 წლის 24 თებერვალს დაწესებული საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი 335 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა. საომარი მდგომარეობა გაგრძელდა 2024 წლის 13 მაისამდე და მასთან ერთად გაგრძელდა მობილიზაცია.

საომარი მდგომარეობის გაგრძელება, სხვა საკითხებთან ერთად, ნიშნავს, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება კანონით გათვალისწინებულ ვადებში, მიმდინარე წლის მარტში. შესაბამისად, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უფლებამოსილება ავტომატურად გახანგრძლივდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა მაისში სრულდება.

უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, არჩევნები შეიძლება მხოლოდ საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ ჩატარდეს.

საომარი მდგომარეობა უკრაინაში შემოღებულ იქნა 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღეს. პარალელურად გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხზე უკრაინის პარლამენტში სულ 10 კენჭისყრა გაიმართა და ყოველთვის ჰქონდა დეპუტატების ერთსულოვანი მხარდაჭერა.

XS
SM
MD
LG