Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: გიდასტურებთ, საქართველო იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე თავისი ბოლო ყოველწლიური მოხსენების დასკვნით სიტყვაში უპასუხა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს და თქვა, რომ საქართველო იმსახურებდა და დაიმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას.

"იმისთვის, რომ არ ინერვიულოთ, მინდა გავიმეორო, დაგიდასტუროთ, რასაც ვაკეთებ შიგნით და გარეთ, რომ საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას. ეს არის მისი ერთადერთი მომავალი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მანამდე, პრეზიდენტის სიტყვის შეფასების შემდეგ, მდინარემ სალომე ზურაბიშვილს სთხოვა: "ახლა მაინც, როდესაც დასკვნით სიტყვაში გამოხვალთ, თქვათ, საქართველო იმსახურებდა თუ არა კანდიდატის სტატუსს. საქართველომ ეს სტატუსი მიიღო დამსახურებულად".

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 6 თებერვალს, მედიასთან კომენტარში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ "სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ლობირებდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ერთხელ ვერ ვათქმევინეთ, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს რომ იმსახურებდა".

გასული წლის სექტემბერში, იმჟამად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გაიმეორა „ქართული ოცნების“ ლიდერების მანამდე გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, რომ "ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ 12 რეკომენდაციას" და „მან თქვა ყველაზე შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს“.

2023 წლის 14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს.

გაწევრიანების საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკების დასაწყებად ევროკავშირი ცხრა ნაბიჯის შესრულებას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG