ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინაშე თავისი ბოლო ყოველწლიური მოხსენება წარადგინა. მისი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროინტეგრაციას დაეთმო. პრეზიდენტმა ხელისუფლება გააკრიტიკა ანტიდასავლური რიტორიკისა და რუსეთის მიმართ პოზიციის შერბილების გამო. პრეზიდენტმა ილაპარაკა ქვეყნის მშენებლობაში ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე.
„გარკვეული გამოწვევის წინაშე დადგა ევროპული ორიენტაციაც, ჩვენს საუკუნოვან კურსს ჯერ შეუმჩნევლად, შემდეგ კი უფრო მკაფიოდ შეეცვალა აქცენტები: ანტიევროპულმა და ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა. სამაგიეროდ, რუსეთის მიმართ შესამჩნევად შერბილდა პოზიციები.
უკრაინასთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვამ, საერთაშორისო სანქციებზე ევროკავშირისა და აშშ-სგან საჯაროდ დისტანცირებამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, ჩვენი საგარეო ორიენტაციის სიმყარის მიმართ კითხვის ნიშნები გააჩინა. დამაბნეველი რიტორიკითა და ნაბიჯებით საფრთხის ქვეშ დავაყენეთ ჩვენ მიერ ევროინტეგრაციისთვის გაწეული კოლოსალური შრომა და მიღწევები. ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ გაიმარჯვა და მოიპოვა კანდიდატის სტატუსი! საზოგადოება არ დანებდა, იბრძოლა და დაიცვა საკუთარი მომავალი. ხალხის პრინციპულობამ შიგნით თუ გარეთ ყველას დაუმტკიცა, რომ ევროპელობაზე ჩვენი პრეტენზია საფუძვლიანია და ამ მიზნის მიმართ ქართველი ხალხის სულისკვეთება ურყევია. ჩვენი საზოგადოება კი დარწმუნდა, რომ მას გააჩნია ძალა და შეუძლია მიზნის მიღწევა; დავინახეთ ჩვენი თავისუფალი, ევროპული ახალგაზრდობა, ქვეყნის მომავლის შენებაში მათი განსაკუთრებული როლი გამოიკვეთა და იგი იმედის ძალად ჩამოყალიბდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზური ენა და კულტურა ყველაზე მეტად დაცული ევროპულ სივრცეში იქნება. მან ილაპარაკა უმცირესობების უფლებების დაცვაზეც. „ევროპა ასევე ნიშნავს დამოუკიდებლობის გაძლიერებას: ევროპული ოჯახი უალტერნატივო სივრცეა, სადაც ჩვენი იდენტობა, კულტურა და ღირებულებები დაცული და წარმოჩენილი იქნება. რუსიფიკაციის გზა ალტერნატივა არ არის! - ჩვენ ეს გავლილი გვაქვს. ჩვენში ეს მეხსიერება არ წაშლილა. ეს გზა უფრო ტრაგიკულად გაიარეს ზოგიერთმა ჩვენმა მოძმე, პატარა, კავკასიურმა ერებმა, რომლებიც დღეს უკვე გადაშენებულად მიიჩნევიან, ამ გზაზე საბედისწეროდ დგას აფხაზური ენა, კულტურა და იდენტობა! ევროპა კი სწორედ ის სივრცეა, სადაც თავისუფალი ერები, მრავალი ენა, უმცირესობები, რეგიონები, მრავალფეროვანი კულტურა და იდენტობა თანასწორობით და კანონითაა დაცული", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი ევროპულ კეთილდღეობაზე საუბრისას მრავალ საკითხს შეეხო:
- „მოქალაქეებს აქვთ უფლება, დაცული იყოს მათი შრომის უსაფრთხოება, რათა შემცირდეს ტრაგიკული შემთხვევები.
- მოქალაქეებს აქვთ უფლება, საკუთარ ქვეყანაში ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ სათანადო ჯანდაცვის სერვისი, რათა სხვა ქვეყანაში გამგზავრება თუ ჩაბარება აუცილებელი გამოსავალი არ იყოს.
- მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში: სურსათის უვნებლობა, ქაოსური მშენებლობები, ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო, ხმაური, გაუკონტროლებელი, მიუსაფარი ცხოველები და კიდევ სხვა მრავალი საკითხი, რომელიც ევროპული კანონმდებლობით მკაცრად რეგულირდება და დაცულია სამართლიანი სასამართლოთი.
- მოქალაქეებს აქვთ უფლება, დაცულნი იყვნენ ყველანაირი ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან, სექსუალური შევიწროებისგან, ღირსების შემლახავი ქმედებებისგან.
- კეთილდღეობა ასევე ნიშნავს პრევენციას, რათა, მაგალითად, თუ შოვის ბუნებრივი კატასტროფის მსგავსი განმეორდა, ტრაგედია არ განმეორდეს და მის წინაშე სახელმწიფო უსუსური და ცალკეული ადამიანების გმირობის იმედად არ აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ იქცა ესოდენ მნიშვნელოვან მოვლენად 15 დეკემბრის [ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის] გადაწყვეტილება".
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, 2023 წელს საქართველომ ევროპულ ოჯახში საკუთარი, სამომავლო ადგილი დაიმკვიდრა.
„ეს ის დღეა, როცა ევროპამ გვითხრა: თქვენ ევროპელები ხართ და ევროპაში გაწევრიანება სხვა არაფერზეა დამოკიდებული, თუ არა თქვენზე, თქვენს ნებაზე და მხოლოდ თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ახლა ჩვენი ჯერია!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, პარლამენტში სიტყვით გამოვლენ ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. თითოეული გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით.