Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის სტრატკომის უფროსად "იმედის" საინფორმაციოს ხელმძღვანელი განიხილება


მიშა ფეიქრიშვილი ნინო გიორგობიანს შეცვლის.
მიშა ფეიქრიშვილი ნინო გიორგობიანს შეცვლის.

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად მიშა ფეიქრიშვილის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

მიშა ფეიქრიშვილი დღეს ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსია. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, მისი შემცვლელი ტელევიზიაში ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი იქნება.

"არც უარვყოფ და არც ვადასტურებ", - უთხრა რადიო თავისუფლებას ნათია სონღულაშვილმა.

ბოლო [2022 წლის იანვარი-მარტი] მედიამონიტორინგის შედეგებით, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ჩაატარა, "იმედი" ხელისუფლების მიმართ მიკერძოებით გამორჩეული არხია. ამ ტელეარხზე "ოპოზიცია მაქსიმალურად დისკრედიტირებულია."

მოსალოდნელი ცვლილებების მიხედვით, მიშა ფეიქრიშვილი შეცვლის ნინო გიორგობიანს, რომელიც მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მას შემდეგ გახდა, რაც პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა.

ნინო გიორგობიანისგან და მიშა ფეიქრიშვილისგან კომენტარის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

მიშა ფეიქრიშვილი ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი 2023 წლის მაისში გახდა. მანამდე ის პარლამენტში მუშაობდა - იგი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა მაშინ, როდესაც თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იყო.

ფეიქრიშვილი წლების წინ მუშაობდა "რადიო იმედში", შემდეგ იყო ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი. ის ასევე საქმიანობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში.

XS
SM
MD
LG