Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ცესკომ წუნი აღმოაჩინა პრეზიდენტობის კანდიდატ ბორის ნადეჟდინის მხარდამჭერთა ხელმოწერების 15%-ში


ნადეჟდინი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია, რომელიც ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომის დასრულებას და აკრიტიკებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას.
ნადეჟდინი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია, რომელიც ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომის დასრულებას და აკრიტიკებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წუნი აღმოაჩინა პრეზიდენტობის კანდიდატ ბორის ნადეჟდინის მიერ შეგროვებული ხელმოწერების 15%-ში.

პროცედურების თანახმად, სამეტაპიანი შემოწმების შემდეგ საეჭვო ხელმოწერების რაოდენობა არ უნდა აღმატებოდეს 5%-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში ცესკო კანდიდატს რეგისტრაციაში არ გაატარებს და ის საპრეზიდენტო არჩევნებს ეთიშება.

„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, დავაბრუნებინოთ ხელნაწერები. საკმარისია, დავაბრუნებინოთ დაახლოებით 4500 ხელმოწერა 9209-დან, რომლებიც ბათილადაა ცნობილი. თუკი ცენტრალური საარჩევნო კომისია უარს მეტყვის რეგისტრაციაზე, მე გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებ“, - დაწერა ნადეჟდინმა. რეგისტრაციის თაობაზე სხდომა ცესკოში 7 თებერვალს გაიმართება.

როგორც "7x7"-ის წყარო იტყობინება, ყველაზე გავრცელებული დარღვევაა თარიღები და პირადი მონაცემები, რომლებიც ამომრჩევლების ხელით არაა მიწერილი.

ნადეჟდინის მიერ მითითებული ხელმოწერების რაოდენობა 60 ათასი ხელმოწერის 15,3%-ს უდრის. მაგრამ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროცედურის მიხედვით, უნდა შეემოწმებინათ 90 ათასი ხელმოწერა (ძირითადი და დამატებითი შემოწმება). არ არის ნათელი, ნადეჟდინს ოქმი შეცდომით მისცეს თუ დაანგარიშებაში თავად პოლიტიკოსის შტაბი შეცდა.

როგორც ნადეჟდინის პრესმდივანმა პაველ ბურლაკოვმა თქვა, „მთელი მსოფლიო ხედავდა, რომ ჩვენ პატიოსნად ვაგროვებდით ხელმოწერებს“. მანამდე ხელმოწერების პუნქტებში, როგორც რუსეთში, ისე უცხოეთში, ნადეჟდინის მხარდაჭერის მსურველთა რიგები იდგა.

გასულ კვირაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლაი ბულაევმა მიანიშნა პრობლემებზე ბორის ნადეჟდინისა და სერგეი მალინკოვიჩის მიერ მოგროვებულ ხელმოწერებთან დაკავშირებით.

ნადეჟდინი პრეზიდენტობისთვის მებრძოლი ერთადერთი კანდიდატია, რომელიც ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომის დასრულებას და ღიად აკრიტიკებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას.

ცესკომ უკვე გაატარა რეგისტრაციაში ოთხი კანდიდატი, მათ შორის პუტინი, რომელიც აპირებს, მეხუთედ გახდეს პრეზიდენტი. რეგისტრაციისთვის მას მინიმუმ 300 ათასი ხელმოწერის ჩაბარება ევალებოდა. ცესკომ მათში 0,15% წუნი აღმოაჩინა.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრა 15-17 მარტს გაიმართება. დამოუკიდებელი მეთვალყურეები და ექსპერტები რუსეთში არჩევნებს არათავისუფლად და არაპატიოსნად მიიჩნევენ. ხელისუფლება ერევა საარჩევნო პროცესში, უკეთეს პირობებს უქმნის ხელისუფლების მომხრე კანდიდატებს, ზოგ შემთხვევაში საქმე ეხება პირდაპირ ფალსიფიკაციასაც.

XS
SM
MD
LG