უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გარდა, გენერალური შტაბის უფროსის შეცვლასაც აპირებს. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის და სამხედრო წრეების რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს 2021 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს გენერალ-ლეიტენანტი შაპტალა.
„უკრაინსკა პრავდის“ ერთ-ერთი წყაროს თანახმად, შაპტალა და ზალუჟნი შესაძლოა, ამ კვირის შუა პერიოდში გადააყენონ.
ამ ცნობების ფონზე, დღეს, 5 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გენერალური შტაბის უფროსს დაბადების დღე მიულოცა სიტყვებით, რომ წინ კიდევ დიდი სირთულეები ელით, მაგრამ არასდროს შერცხვებათ. გენერალი ზალუჟნი ფეისბუკით მიმართავს გენერალ-ლეიტენანტ შაპტალას, რომელსაც დღეს 51 წელი შეუსრულდა, მას მეგობარს უწოდებს და წერს, რომ ომის დროს გვერდით ჰყავდა ადამიანი, რომლისთვისაც უკრაინა მართლაც უპირველესია.
ბოლო დღეებში უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებებით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 იანვარს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვალერი ზალუჟნის შეხვდა და აცნობა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებულია. 4 თებერვალს ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ RAI-სთან ინტერვიუში საჯაროდ პირველად დაადასტურა, რომ ფიქრობს ზალუჟნის და არა მხოლოდ მის შეცვლაზე.
თავად გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ 1 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტები და სამართლებრივი სისტემა გააკრიტიკა და რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის ძირითადი ამოცანები დაასახელა.
50 წლის ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია 2021 წლის ივლისიდან. გენერალი, რომელმაც თავის გუნდთან ერთად შეძლო რუსეთის არმიის შეკავება და დაპყრობილი რაიონების ნაწილის დაბრუნება, უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია.
2024 წლის 24 თებერვალს ორი წელი შესრულდება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმის გარდა, რუსეთი ამჟამად ნაწილობრივ აკონტროლებს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს.