უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს. 4 თებერვალს, იტალიურ ტელეარხ RAI-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ საჯაროდ პირველად დაადასტურა, რომ ფიქრობს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის და არა მხოლოდ მის შეცვლაზე.
„ზალუჟნი? ჩვენ გვჭირდება გადატვირთვა, ხელმძღვანელობის შეცვლა და არა მხოლოდ სამხედრო(ხელმძღვანელობის)“, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეკითხვას გენერალ ზალუჟნის შესაძლო გადაყენების შესახებ.
ბოლო დღეებში უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებებით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 იანვარს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვალერი ზალუჟნის შეხვდა და აცნობა, რომ მთავარსარდლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებულია.
თავად გენერალმა ზალუჟნიმ 1 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტები და სამართლებრივი სისტემა გააკრიტიკა და რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის ძირითადი ამოცანები დაასახელა.
50 წლის ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია 2021 წლის ივლისიდან. გენერალი, რომელმაც თავის გუნდთან ერთად შეძლო რუსეთის არმიის შეკავება და დაპყრობილი რაიონების ნაწილის დაბრუნება, უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია.
2023 წლის ბოლოს, უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებები არაერთხელ იუწყებოდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის კონფლიქტია. წყაროთა თანახმად, ზელენსკი გაღიზიანებული იყო ზალუჟნის მზარდი პოპულარობით და გენერლის საჯარო განცხადებით ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ.
2023 წლის ნოემბერში, გენერალმა ზალუჟნიმ გამოცემა The Economist-ს განუცხადა, რომ ფრონტზე სიტუაცია ჩიხში შევიდა და იმის გამო, რომ უკრაინა და რუსეთი ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთნაირად აღჭურვილი არიან, ომი პოზიციური ბრძოლის ეტაპზე გადავიდა. შეფასებას პატური სიტუაციის შესახებ ზელენსკი არ დაეთანხმა. მოგვიანებით, გამოცემა The Sun-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ სამხედროები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას აპირებენ, ომით აღარ უნდა დაკავდნენ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ზელენსკის და ზალუჟნის კონფლიქტს უარყოფდნენ.
2024 წლის 24 თებერვალს ორი წელი შესრულდება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმის გარდა, რუსეთი ამჟამად ნაწილობრივ აკონტროლებს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს.