Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიკ სალივანი: აშშ არ ერევა უკრაინის შეიარაღებული ძალების საკადრო საკითხებში


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი. კიევი, 4 ნოემბერი, 2022.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი. კიევი, 4 ნოემბერი, 2022.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, კვირას CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ ჩაერევა უკრაინის ხელისუფლების საკადრო გადაწყვეტილებებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით. „უკრაინისა და უკრაინის პრეზიდენტის სუვერენული უფლებაა, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები“, - თქვა სალივანმა.

ჯო ბაიდენის მრჩეველმა უპასუხა კითხვას, იყო თუ არა თეთრი სახლი ინფორმირებული უკრაინის ხელისუფლების მიერ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი შეიძლება თანამდებობიდან გაათავისუფლონ. მიუხედავად იმისა, რომ მან შეკითხვას პირდაპირ არ გასცა დადებითი პასუხი, მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს მართლაც მოხდა. სალივანმა თქვა, რომ აშშ არც ამჯერად ჩაერევა საქმეში. „ჩვენ ამის შესახებ პირდაპირ მივაწოდეთ ინფორმაცია უკრაინელებს“, - თქვა სალივანმა. მან თავი აარიდა პასუხს შეკითხვაზე, თუ როგორ იმოქმედებს, ვაშინგტონის აზრით, ზალუჟნის შესაძლო გადადგომა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე.

უკრაინულ მედიასა და ტელეგრამის არხებში 29 იანვარს გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზალუჟნი შესაძლოა თანამდებობიდან გაათავისუფლონ ან უკვე გაათავისუფლეს. რამდენიმე საათის შემდეგ უკრაინის ხელმძღვანელობამ ეს ცნობა ოფიციალურად უარყო. თუმცა მომდევნო დღეებში უკრაინულ და დასავლურ მედიაში გაჩნდა პუბლიკაციები, რომლებშიც წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაძლოა გენერალი ზალუჟნი უახლოეს მომავალში დაითხოვოს.

2 თებერვალს The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აცნობა ზალუჟნის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება. გაზეთის ცნობით, თეთრი სახლი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არც მხარდაჭერას და არც კრიტიკას არ გამოხატავს და მას უკრაინის პრეზიდენტის სუვერენულ უფლებად მიიჩნევს.

ამავდროულად, გამოცემაში ნათქვამია, რომ უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანის, ზალუჟნის წასვლამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჯარების მორალზე და შეარყიოს დასავლელი დონორების ნდობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეძლებენ რუსეთის ჯარების წინსვლის შეჩერებას. უკრაინულ მედიასა და ბლოგოსფეროში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა გენერლის შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

ზელენსკის და ზალუჟნის შორის შესაძლო უთანხმოებაზე მთელ რიგ საკითხებში, ომის სტრატეგიიდან მობილიზაციამდე, გასული წლის ბოლოდან ვრცელდება ინფორმაცია, მაგრამ საჯაროდ ისინი არ აკრიტიკებდნენ ერთმანეთს. ზალუჟნი ზელენსკის ქვეშევრდომია როგორც უმაღლესი მთავარსარდალი. როგორც მრავალი სოციოლოგიური გამოკვლევა მოწმობს, გენერალი პოპულარობით სარგებლობს უკრაინულ საზოგადოებაში.

პარასკევს, 2 თებერვალს, ზალუჟნი, როგორც ზელენსკის შეტყობინებიდან ჩანს, მოხსენებით გამოვიდა უმაღლესი სარდლობის შტაბის სხდომაზე.

XS
SM
MD
LG