Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულ შვიდივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

ერთი-ერთი ბრალდებულის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აღნიშნავს, რომ საქმის მასალები ცხადად ადასტურებს, რომ კონკრეტულად მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობა არ აქვს.

საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით კი, სასამართლოზე წარდგენილ მტკიცებულებებში ყველა ბრალდებულის როლი კარგად არის გამოკვეთილი და ფაქტები „ინტერპრეტაციის შესაძლებლობას უბრალოდ არ ტოვებს“.

საქართველოს პროკურატურამ 4 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების შედეგად 7 პირი დააკავა ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების მოწყობის ბრალდებით.

პროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. შემდეგ კი ამ ფულისათვის კანონიერი სახის მისაცემად, თანხები მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განათავსეს და ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართეს, მათ შორის შეიძინეს უძრავი ქონება.

დაკავებულებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და ფულის გათეთრება ჰბრალდებათ, რაც სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG