თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას თქმით, თსუ-ს ლექტორს, აკაკი ჩიქობავას, "შესაბამის უწყებებთან" შუამდგომლობა გამოუცხადეს. ჩიქობავა 23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯეს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ მან ასევე გადასცა ადვოკატს თავისი პირადი შუამდგომლობა სასამართლოსთან.
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთადერთი უნივერსიტეტი, რომელმაც აკაკი ჩიქობავას აკადემიური საბჭოს დონეზე შუამდგომლობა გამოუცხადა შესაბამის უწყებებთან. ამავდროულად, გუშინწინ ხელი მოვაწერე და გადავეცი ადვოკატს პირადად ჩემი შუამდგომლობა სასამართლოსთან მიმართებაში. ეს არის ის, რაც უნივერსიტეტმა ამ მიმართულებით გააკეთა.
სამწუხაროდ, ის მოთხოვნები, რაც არის მევახშეობის მიმართულებით, ასევე გამოცდების ჩაშლასთან მიმართებით, ეს არის აბსურდი, ეს შეუძლებელია. საგანმანათლებლო პროცესი არის ის მიმართულება, რაზეც უნივერსიტეტია შექმნილი და უნივერსიტეტისთვის პრობლემის შექმნა ცოტა უხერხულია", - ამბობს სამუშია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ პროტესტისას დაკავებულ ლექტორს უჭერენ მხარს, მეოთხე დღეა, დაკავებული აქვთ უნივერსიტეტის კანცელარია და უნივერსიტეტის გაფიცვას ითხოვენ.
„მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრი ტატო ჩანგელია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სტუდენტების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესურა შეუერთდნენ თავიანთი ლექტორის, დაკავებული აკაკი ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნას და უნივერსიტეტი გაიფიცოს მანამ, სანამ მას არ გაათავისუფლებენ თანამოაზრესთან, ილიაუნის დოქტორანტ გიორგი ხასაიასთან ერთად.
23 იანვარს, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ძალის გამოყენებით გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან.
პოლიციამ გამოსახლების წინააღმდეგ გამოსული ადამიანებიდან 20 დააკავა. 2 მათგანი - სისხლის სამართლის წესით.
სისხლის სამართლის წესით დაკავებული არიან მოძრაობა „ხმის“ დამფუძნებელი წევრები გიორგი ხასაია და აკაკი (კაკო) ჩიქობავა.
კაკო ჩიქობავა თსუ-ს პროფესორია;
გიორგი ხასაია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 იანვარს ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.
მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.