70-ზე მეტი მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლების გაპროტესტებისას დაკავებულ და პატიმრობაში მყოფ აქტივისტებს, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მხარდასაჭერად საერთო განცხადებას ავრცელებს. ისინი აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ.
განცხადების ხელმომწერთა შორის არიან:
- არჩილ ქიქოძე,
- ლევან ბერძენიშვილი
- პაატა შამუგია
- ტორესა მოსი
- მაია ცირამუა
- ზვიად კვარაცხელია
- ირაკლი ლომოური
- გვანცა ჯობავა
- იაკი კაბე
- ნინო ლეჟავა
- ნიკა სამუშია
- გიორგი მაისურაძე.
განცხადების თანახმად, ხელმომწერები გამოდიან სესხების გამო ოჯახების „უტიფარი და ბრუტალური მეთოდით“ გამოსახლების წინააღმდეგ. „არავინ უარყოფს, რომ აღებული კრედიტი უნდა გადაიხადო, თუმცა ისეთ დაუცველ სახელმწიფოში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ცხოვრების პირობები და ა.შ. ფაქტობრივად არ არსებობს, ხშირად გვჭირდება ფინანსური რესურსების მოძიება“, - წერია განცხადებაში.
„ჩვენ გამოვდივართ ამ დანაშაულებრივი ქსელის და არა ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, კარგად გვესმის, რომ ფინანსური ინსტიტუტების დისკრედიტაცია სახელმწიფოს ჩამოშლას გამოიწვევს, ვფიქრობთ, რომ ფინანსური ინსტიტუტები თვითონვე უნდა ზრუნავდნენ ამ სისტემის აღმოსაფხვრელად, რადგან ეს მათ საქმიანობასაც აზარალებს და სახელმწიფოსაც“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მიიჩნევენ, რომ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას დაკავება, შემდეგ კი მათთვის პატიმრობის მისჯა, „უსამართლო და უმძიმესი, საზოგადოების დამაზიანებელი გადაწყვეტილებაა“, სოლიდარობას უცხადებენ მათ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
„წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ შექმნილია დანაშაულებრივი ქსელი სახელმწიფოს, ბანკებსა და კერძო ფინანსურ სუბიექტებს შორის და შევუერთდებით აქციებს და ვიბრძოლებთ ყველა კანონიერი ფორმით ამ სისტემის წინააღმდეგ“, - აცხადებენ ისინი.
23 იანვარს, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ძალის გამოყენებით გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან.
პოლიციამ გამოსახლების წინააღმდეგ გამოსული 20 ადამიანი დააკავა. 2 მათგანი - სისხლის სამართლის წესით.
სისხლის სამართლის წესით დაკავებულები არიან სოციალურ საკითხებზე აქტიური მოძრაობა „ხმის“ დამფუძნებელი წევრები: გიორგი ხასაია და აკაკი (კაკო) ჩიქობავა.
კაკო ჩიქობავა თსუ-ის პროფესორია.
გიორგი ხასაია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 იანვარს ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.
მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.