Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეკელიძის N1-ში დაკავებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას პატიმრობა შეუფარდეს


გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას სასამართლო პროცესი
გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას სასამართლო პროცესი

თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამ განჩინების მიღებით მოსამართლე დავით კურტანიძემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.

პროკურორი როინ ხინთიბაძე ორივე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, რასაც არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე და ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვდა. ბრალდებულების ინტერესებს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტი გურო იმნაძე.

პროკურორის ინფორმაციით, აქციაზე მყოფმა ხასაიამ და ჩიქობავამ 3 380 ლარის ზიანი მიაყენეს სახელმწიფო უწყებას.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებამ დარბაზში მყოფი ადამიანების უკმაყოფილება გამოიწვია. მოძრაობა "ხმის" წევრები გეგმავენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებას.

პოლიციამ 23 იანვარს თბილისის ცენტრში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დააკავა მოძრაობა "ხმის" ორი თანადამფუძნებელი: გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა - ორგანიზაციის, რომელმაც კეკელიძეზე ოჯახის გამოსახლების ხელშესაშლელად აქცია მოაწყო. ორივე მათგანს შსს ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას.

დაკავებულებს ბრალი წაუყენეს 24 იანვარს, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინიდან გამოასახლა ოჯახი. პოლიციამ გამოსახლების პროცესის გასაპროტესტებლად ბინაში ოჯახის წევრებთან ერთად შეკრებილ ადამიანებს ჯერ სივრცის დატოვებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი ისინი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

აღსრულების პოლიცია ბინაში შესვლას ორ საათზე მეტხანს ცდილობდა. მათ შედუღებული დახვდათ როგორც ბინაში, ისე სადარბაზოში შესასვლელი კარები. ბინაში შესვლაში მათ დაეხმარათ საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა და თანამშრომლები.

პოლიციამ საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესში 20 ადამიანი დააკავა. მათ შორის - ორი სისხლის სამართლის კოდექსით.

როგორც ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი ამბობს, მან "საქართველოს ბანკიდან" თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა - საბოლოოდ, ხატიაშვილებმა "საქართველოს ბანკს" 10-წლიან $20 000-ის სესხში 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000.

აღსრულების ბიუროს პირველი შეტყობინება გამოსახლების შესახებ მარინა ხატიაშვილმა 2019 წლის შემოდგომაზე მიიღო. მაშინ მან სასამართლოს მიმართა და მოსამართლის გადაწყვეტილებით გამოსახლების პროცესი სამი თვით გადაიდო. ბინიდან გამოსახლების თარიღად 2020 წლის 4 თებერვალი დაინიშნა. იმ დღეს კეკელიძის პირველ ნომერში მისულ აღსრულების პოლიციას ოჯახმა და მისმა გულშემატკივრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოსახლების პროცესი კიდევ გადაიდო და 2020 წლის 20 მარტისთვის დაინიშნა.

მარტის დასაწყისში, კოვიდ-პანდემიის გამო, სახელმწიფომ გამოსახლებებზე საყოველთაო მორატორიუმი გამოაცხადა და მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლება პანდემიის დასრულებამდე შეჩერდა.

ოჯახის გამოსახლების კიდევ ერთი მცდელობა აღსრულების პოლიციას 2022 წლის 17 ივნისს ჰქონდა, თუმცა აუქციონზე გაყიდული ბინიდან მარინა ხატიაშვილის ოჯახის, მათ შორის ჩვილის, გასახლების გადაწყვეტილება შეცვალა ხმაურის, დაპირისპირებისა და ქუჩის გადაკეტვის შემდეგ.

აღსრულების პოლიცია კეკელიძის N1-ში მისული იყო გასულ წელსაც, ზუსტად 23 იანვარს. აღსრულების პოლიციამ მოქალაქეებთან დაპირისპირების შემდეგ გადადო ოჯახის გამოსახლების პროცესი.
XS
SM
MD
LG