ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც თბილისში, კეკელიძის N1-თან გამართულ აქციაზე დააკავეს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ მან თავისი დაკავების პროცესი გაიხსენა. ჟურნალისტებთან საუბარში მთივლიშვილი ჰყვება, რომ ადგილზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად მივიდა, მოგვიანებით კი პოლიციამ დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავა:
"ზუსტად 2-3 წუთის მისული ვიყავი, აქციასთან არანაირი საერთო არ მქონია, არც შიგნით ვყოფილვარ, არც არავისთვის ხელი შემიშლია. ერთ-ერთი ახალგაზრდის დაკავების პროცესს მივყევი ბოლომდე, ვიდრე მას მანქანაში შეტენიდნენ. ვხედავდი, რომ ის ახალგაზრდა წინააღმდეგობას არ უწევდა, მაგრამ მაინც ძალადობდნენ. დამინახეს, რომ ვიღებდი ამ ყველაფერს. ერთ-ერთმა პოლიციელმა მკრა ხელი და მიმახეთქა ხეს. ვუთხარი, რას აკეთებ, ჟურნალისტი ვარ, რატომ ირტყმევინები-მეთქი. ამის შემდეგ გამწარდნენ, შემაგდეს მანქანაში, რამდენიმე პოლიციელი დამეხვია. იმ ძალით შემაგდეს, რომ მანქანის იატაკზე დავვარდი. ადგომას რომ ვცდილობდი, ეგონათ, წინააღმდეგობას ვუწევდი და ყვიროდნენ, წინააღმდეგობას გვიწევო. მე ვეუბნებოდი, რომ დავემორჩილებოდი...
სულ ხუთი პოლიციელი იყო: ერთი საჭესთან, ოთხი კრიმინალური პოლიციის ფორმაში. მათგან სამი განსაკუთრებით აგრესიული იყო, ერთი უკნიდან ჩამწვდა თავში და კისერში, მეორე - წინიდან. ველურებივით იქცეოდნენ, მეგონა, მახრჩობდნენ. პირველად აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში ამ ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ასეთი დაკავება არ მახსოვს, მით უფრო ჟურნალისტის მიმართ. რაღაც მომენტში გავიაზრე, რომ რაიმე არ ჩაერტყათ, არაადეკვატურები იყვნენ".
მისივე სიტყვებით, დაკავების შემდეგ შეუძლოდ გახდა, თუმცა ვერც ადგილზე და ვერც წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის შემდეგ სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო.
"40 წუთი დამაყოვნეს კეკელიძის ქუჩაზე. ამ ხნის განმავლობაში ვითხოვდი, განემარტათ, სად მივყავდი, რატო მაკავებდნენ? ერთი და იგივეს იმეორებდნენ, რომ პოლიციას შევუშალე ხელი. შემდეგ შეუძლოდ გავხდი, ექიმის დახმარება ვითხოვე და არ მომცეს წვდომა... უკვე რამდენიმე საათია, ამ სამმართველოში ვარ და პირველი ნაწილი იყო ძალიან დამამცირებელი, ძალიან ცუდი სიტყვებით მომმართავდნენ, აგრესიას გამოხატავდნენ პროფესიული საქმიანობის გამო. აი, მაგალითად, პროვოკატორი, ინტრიგანი, მოაშორეთ აქედან... "
პოლიციამ დღეს, 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესში 20 ადამიანი დააკავა. მათ შორის - ორი სისხლის სამართლის კოდექსით.
- პოლიციელისთვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის კვალიფიკაციით (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლი);
- აღსრულების ეროვნული ბიუროს მანქანის ჯგუფურად დაზიანებისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტი).
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულია ორი ადამიანი.
კეკელიძის ქუჩაზე გამართულ აქციაზე ჟურნალისტის დაკავებას გამოეხმაურა "მედიის ადვოკატირების კოალიცია". ორგანიზაცია შეშფოთებას გამოხატავს და მკაცრად გმობს საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებს და ჟურნალისტის დაკავების შემთხვევას.
"აღნიშნული ინციდენტები აუარესებს მედიაგარემოს და ჟურნალისტების ფუნდამენტური უფლებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსრულების პოლიციამ კეკელიძის N1-ში მდებარე ბინიდან ოჯახი გამოასახლა. პოლიციამ გამოსახლების პროცესის გასაპროტესტებლად ბინაში ოჯახის წევრებთან ერთად შეკრებილ ადამიანებს ჯერ სივრცის დატოვებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი ისინი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
აღსრულების პოლიცია ბინაში შესვლას ორ საათზე მეტხანს ცდილობდა. მათ შედუღებული დახვდათ როგორც ბინაში, ისე სადარბაზოში შესასვლელი კარები. ბინაში შესვლაში მათ დაეხმარათ საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა და თანამშრომლები.
როგორც ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი ამბობს, მან "საქართველოს ბანკიდან" თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა - საბოლოოდ, ხატიაშვილებმა "საქართველოს ბანკს" 10-წლიან $20 000-ის სესხში 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000.
აღსრულების ბიუროს პირველი შეტყობინება გამოსახლების შესახებ მარინა ხატიაშვილმა 2019 წლის შემოდგომაზე მიიღო. მაშინ მან სასამართლოს მიმართა და მოსამართლის გადაწყვეტილებით გამოსახლების პროცესი სამი თვით გადაიდო. ბინიდან გამოსახლების თარიღად 2020 წლის 4 თებერვალი დაინიშნა. იმ დღეს კეკელიძის პირველ ნომერში მისულ აღსრულების პოლიციას ოჯახმა და მისმა გულშემატკივრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოსახლების პროცესი კიდევ გადაიდო და 2020 წლის 20 მარტისთვის დაინიშნა.
მარტის დასაწყისში, კოვიდ-პანდემიის გამო, სახელმწიფომ გამოსახლებებზე საყოველთაო მორატორიუმი გამოაცხადა და მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლება პანდემიის დასრულებამდე შეჩერდა.
ოჯახის გამოსახლების კიდევ ერთი მცდელობა აღსრულების პოლიციას 2022 წლის 17 ივნისს ჰქონდა, თუმცა აუქციონზე გაყიდული ბინიდან მარინა ხატიაშვილის ოჯახის, მათ შორის ჩვილის, გასახლების გადაწყვეტილება შეცვალა ხმაურის, დაპირისპირებისა და ქუჩის გადაკეტვის შემდეგ.
აღსრულების პოლიცია კეკელიძის N1-ში მისული იყო გასულ წელსაც, ზუსტად 23 იანვარს. აღსრულების პოლიციამ მოქალაქეებთან დაპირისპირების შემდეგ გადადო ოჯახის გამოსახლების პროცესი.