რუსეთის დუმას ოფიციალურად წარედგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქონების კონფისკაციას რუსეთის არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის - „ფეიკების“ - გავრცელებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ საჯარო მოწოდებებისთვის. კანონპროექტის ინიციატორია პარტია „ედინაია როსიას“ წევრი დეპუტატების ჯგუფი, დუმის სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინის ხელმძღვანელობით. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შეიტანონ.
რუსეთის ხელისუფლებას „ფეიკად“ აქვს გამოცხადებული უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ რუსეთის სახელმწიფო უწყებების ოფიციალური ინფორმაციისგან განსხვავებული ცნობები და მათი გავრცელება პატიმრობით უკვე ისჯება. დუმისთვის დღეს, 22 იანვარს, წარდგენილი კანონპროექტით, სასჯელი იქნება ქონების და წოდებების ჩამორთმევაც.
ორი დღით ადრე, 20 იანვარს, ვოლოდინმა ტელეგრამზე დაწერა, რომ განიხილავდნენ დასჯის საჭიროებას იმ „არამზადების, მათ შორის კულტურის მოღვაწეების, რომლებიც მხარს უჭერენ ნაცისტებს და ლაფს ასხამენ ქვეყანას და სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებს და ოფიცრებს“. პუტინის ხელისუფლება „ნაცისტებს" უწოდებს უკრაინის ხელისუფლებას, ხოლო „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვლიდან დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს.
დუმის სპიკერ ვოლოდინის თანახმად, განხილვების შედეგად შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც შესაძლებელს გახდის რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულებრივი საქმიანობისთვის გამოყენებული ან განკუთვნილი ფულის, ძვირფასეულობის და სხვა ქონების კონფისკაციას. კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილებით სპეციალური, სამხედრო ან საპატიო წოდებების და სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევასაც.
ვოლოდინმა ჯერ კიდევ 2023 წლის იანვარში განაცხადა, რომ უნდა მიიღონ „კანონი არამზადებისთვის“ და ქონება ჩამოართვან რუსეთიდან წასულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მხარს უკრაინას უჭერენ. ქონების კონფისკაციას მოითხოვდა რუსეთში საზოგადოებრივი ორგანიზაციის სტატუსით მოქმედი არაერთი გაერთიანებაც.
რუსეთის დუმისთვის დღეს, 22 იანვარს, წარდგენილი კანონპროექტით, ქონების და წოდებების ჩამორთმევას გამოიწვევს რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება და მისი დისკრედიტაციისკენ მიმართული საჯარო ქმედებები, ექსტრემისტული საქმიანობისა და რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული საჯარო მოწოდებები, რუსეთისა და მისი მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოწოდებები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების გადაწყვეტილებების შესრულების ხელშეწყობა და ნაციზმის რეაბილიტაცია.
პუტინის ხელისუფლებამ უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი შეჭრის, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, კანონმდებლობაში შეიტანა არაერთი რეპრესიული ცვლილება. მათ შორის ყველაზე ცნობილია ე.წ. ფეიკების კანონი. დღეს რუსეთში „ფეიკად“ ითვლება ომის შესახებ რუსეთის სახელმწიფო უწყებების ოფიციალური ინფორმაციისგან განსხვავებული ცნობები და მათი გავრცელება 3-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება. თუ „ფეიკის“ გავრცელება „მძიმე შედეგებს" გამოიწვევს, სასჯელი 10-დან 15 წლამდე პატიმრობაა.
რუსეთში სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით გასამართლებულია ათეულობით ოპოზიციონერი აქტივისტი და დამოუკიდებელი ჟურნალისტი.