Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, „ფეიკების“ გავრცელებისთვის 273 საქმეა აღძრული


ფოტო არქივიდან. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი
ფოტო არქივიდან. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი

რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადებიდან თითქმის ორი წლის განმავლობაში ამ მუხლით 273 საქმე აღიძრა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა განუცხადა სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“. ბასტრიკინის თანახმად, სასამართლოს უკვე წარედგინა 136 პირის წინააღმდეგ აღძრული 134 საქმე.

რუსეთში ე.წ. ფეიკების კანონი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ მიიღეს და სიცრუედ გამოაცხადეს შეიარაღებული ძალების შესახებ ყველა ის ცნობა, რომლებიც არ არის გავრცელებული სახელმწიფო უწყებების მიერ.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მონაცემებით, 2023 წელს „ფეიკების“ გამო 90 საქმე აღძრეს.

პუტინის ხელისუფლებამ უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი შეჭრის, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ კანონმდებლობაში შეიტანა არაერთი რეპრესიული ცვლილება. მათ შორის ყველაზე ცნობილია ე.წ. ფეიკების კანონი. დღეს რუსეთში „ფეიკად“ ითვლება ომის შესახებ რუსეთის სახელმწიფო უწყებების ოფიციალური ინფორმაციისგან განსხვავებული ცნობები და მათი გავრცელება 3-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება. თუ „ფეიკის“ გავრცელება „მძიმე შედეგებს" გამოიწვევს, სასჯელი 10-დან 15 წლამდე პატიმრობაა.

რუსეთში სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით გასამართლებულია ათეულობით ოპოზიციონერი აქტივისტი და დამოუკიდებელი ჟურნალისტი.

XS
SM
MD
LG