Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მოითხოვენ უკრაინის მხარდაჭერის გამო ქონება ჩამოართვან მომღერალ სოფია როტარუს


ფოტო არქივიდან. სოფია როტარუ
ფოტო არქივიდან. სოფია როტარუ

ყოფილ საბჭოთა კავშირსა და რუსეთში პოპულარულ მომღერალს, უკრაინის მოქალაქე სოფია როტარუს ქონების კონფისკაციით დაემუქრნენ.

ორგანიზაციამ „რუსეთის ვეტერანები“ გენერალურ პროკურატურას და საგამოძიებო კომიტეტს მიმართა და მოითხოვა, რომ უკრაინის არმიის „შესაძლო ფინანსური მხარდაჭერის“ გამო, სოფია როტარუს ჩამოართვან უძრავი ქონება მოსკოვსა და ანექსირებულ იალტაში.

ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ვადიმ მირონენკომ რუსულ სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ კონფისკაციის შემდეგ, სოფია როტარუს სახლები უნდა გაიყიდოს და თანხა რუსეთის არმიის საჭიროებებს მოხმარდეს.

75 წლის სოფია როტარუმ, რომელსაც საბჭოთა კავშირში სახალხო არტისტის წოდება ჰქონდა, თანამედროვე უკრაინაში კი, "უკრაინის გმირის" და "უკრაინის ეროვნული ლეგენდის" წოდებები აქვს, თავის სამშობლოში რუსეთის არმიის შეჭრისას, 2022 წლის თებერვალში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კიევშია და ლოცულობს უკრაინის დამცველებისა და მშვიდობისთვის.

ორგანიზაციამ "რუსეთის ვეტერანები" ადრეც მოითხოვა "არაპატრიოტი ვარსკვლავების" დასჯა. მათ შორის, მომღერალ ვალერი მელაძის, კომიკოს მაქსიმ გალკინისა და მსახიობ არტურ სმოლიანინოვის.

2023 წლის იანვარში, რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა მოითხოვა, რომ მიიღონ „კანონი არამზადებისთვის“ და ქონება ჩამოართვან რუსეთიდან წასულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მხარს უკრაინას უჭერენ.

XS
SM
MD
LG