Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგამოძიებო კომიტეტს დაევალა საქმის აღძვრა უკრაინის მხარდამჭერი რუსი მსახიობის წინააღმდეგ


მსახიობი არტურ სმოლიანინოვი
მსახიობი არტურ სმოლიანინოვი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა გამომძიებლებს დაავალა, სისხლის სამართლის საქმე აღძრან მსახიობ არტურ სმოლიანინოვის წინააღმდეგ.

საგამოძიებო კომიტეტის დღევანდელ, ოფიციალურ შეტყობინებაში მიზეზად დასახელებულია ის, რომ „ერთ-ერთ დასავლურ გამოცემასთან ინტერვიუში სმოლიანინოვმა გააკეთა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები“. რა მუხლით აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს, ჯერჯერობით უცნობია.

ერთი დღით ადრე, 8 იანვარს, რუსეთის დუმის დეპუტატმა სულტან ხამზაევმა განაცხადა, რომ აპირებს საგამოძიებო კომიტეტს მიმართოს, რათა მან სისხლის სამართლის საქმე აღძრას "მოღალატე" არტურ სმოლიანინოვის წინააღმდეგ.

თანამედროვე რუსული კინოს პოპულარულმა მსახიობმა არტურ სმოლიანინოვმა გასულ კვირაში „ნოვაია გაზეტა. ევროპასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ომში მონაწილეობის შემთხვევაში, უკრაინის მხარდასაჭერად იბრძოლებდა.

უფრო ადრე მსახიობმა თქვა, რომ მხოლოდ ზიზღს განიცდის მათ მიმართ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძვის. სმოლიანინოვმა, რომელიც უკრაინაში შეჭრას მწვავედ აკრიტიკებს, რუსეთი ომის დაწყების შემდეგ დატოვა.

2022 წლის ოქტომბერში მოსკოვის გაგარინის რაიონის სასამართლომ მსახიობი 30 ათასი რუბლით დააჯარიმა რუსეთის არმიის „დისკრედიტაციისთვის“. არტურ სმოლიანინოვმა, რომელიც რუსეთიდან უკვე წასული იყო, გამოცემა „მედუზას“ უთხრა, რომ მისთვის დამნაშავე სახელმწიფოს კანონები არ არსებობს.

XS
SM
MD
LG