Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან სტალინის გამოსახულებიანი ხატის შეღებვას აპროტესტებენ


აქცია აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან.
აქცია აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან.

ათობით ადამიანი შეიკრიბა აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან. ისინი აპროტესტებენ საღებავის შესხმას სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინიც არის გამოსახული. აქციის მონაწილეები „ხატის შეურაცხყოფაში" ნატა ფერაძეს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ „თავად აღასრულებენ იმას, რაც სახელმწიფომ და კანონმა არ აღასრულა".

აქცია აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან.
აქცია აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან.

აქტივისტის მისამართით ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილები. ნატა ფერაძის სახლთან იმყოფებიან პოლიციელები.

განახლება: აქცია რამდენიმე საათში დასრულდა.

ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ფეისბუკში თავდაპირველად გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.

პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილი ვიდეოში, რომელიც ფეისბუკის პირად გვერდზე 7 იანვარს, საღამოს გამოაქვეყნა, დაადასტურა, რომ რუსი წმინდანის ხატი, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც არის გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა. იმავეს ამბობს ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამავე პარტიის ლიდერი დავით თარხან-მოურავი.

9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. იმ დროს ხატი ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ნაკლებად გამოსაჩენ ადგილზე იყო. რამდენიმე საათში ხატი გაწმინდეს. 10 იანვარს დილით კი, თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს.

სამებაში ხატზე საღებავის შესხმის საქმეზე შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო.

საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. საზოგადოება „მემორიალის“ მონაცემებით, საუბარია სულ ცოტა 12 მილიონ ადამიანზე, თუმცა გულაგის ისტორიის მუზეუმის შეფასებით, ეს რიცხვი 20 მილიონამდე აღწევს. სტალინური "დიდი წმენდის“ ყველაზე უარეს წლებში, 1937-სა და 1938-ში, სტალინის საიდუმლო სამსახური დღეში ათასზე მეტ ადამიანს ანადგურებდა, მათ უმრავლესობას - დახვრეტის გზით. 30-იანი წლების სტალინური რეპრესიების მძლავრმა ტალღამ გადაუარა საქართველოსაც, სადაც იშვიათია ოჯახი, რომლიდანაც არავინ გადაასახლეს, დააპატიმრეს ან დახვრიტეს. სსრკ-ში დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი იქნა რეპრესირებული ეროვნული ნიშნით.

XS
SM
MD
LG