Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინი ხატზე - „ხალხების მამა“ და ეკლესია


დავიწყოთ რიცხვებით: 1917-1941 წლებში სსრკ-ს ტერიტორიაზე არსებულმა ეკლესიებმა უფრო მეტი მოწამე მისცა ქრისტიანულ სამყაროს, ვიდრე მსოფლიოს ყველა ეკლესიამ ერთად აღებულმა ოცი საუკუნის განმავლობაში. თუ 1917 წელს 50 000 ეკლესია იყო მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე, 1941 წლისათვის 1200 დარჩა. ამ პერიოდში, 500 000-დან მილიონამდე მღვდელი, ბერი, მონაზონი თუ ეკლესიის ერთგული ან დახვრიტეს, ან გულაგში გაუჩინარდა. 1941 წლის ივნისისათვის ეკლესია ამ თანმიმდევრულმა და დაჟინებულმა განადგურებამ კლინიკურ სიკვდილამდე მიიყვანა.

რომ არა ჰიტლერის თავდასხმა საბჭოთა კავშირზე, ეკლესიის სიკვდილი გარდაუვალი იყო.

ყველაფერს 1941 წლის 22 ივნისი შეცვლის.

მოლოტოვის რადიოში გამოსვლისთანავე, სადაც იგი ომის დაწყებას აუწყებს მოსახლეობას, მოსკოვის მიტროპოლიტი სერგი, რომელიც პატრიარქის არარსებობის პირობებში მის უფლებამოსილებას ასრულებდა, მორწმუნეებს „წმინდა რუსეთის დასაცავად“ იარაღის აღებისკენ მოუწოდებს.

სტალინი რუსული ეკლესიის მიერ გაწვდილ ხელს არ უკუაგდებს. თუმცა ამის მიზეზი სულაც არ იყო რუსული პატრიოტიზმის აღორძინება, როგორც ამას ხშირად ვკითხულობთ აქა-იქ.

1941 წლის ივლისსა და აგვისტოში ნაცისტური პროპაგანდა ფართოდ გაავრცელებს კადრებს: როგორ ხსნიან ვერმახტის მაღალი რანგის ოფიცრები ბოლშევიკების მიერ დახურულ მინსკისა და სმოლენსკის საკათედრო ტაძრებს. „ხალხმრავლობის გამო ტაძრის გარეთ დარჩება უამრავი მორწმუნე. მუხლებზე დაჩოქილი, ისინი ცრემლებით მიწას ბანდენ (...) მე არასოდეს დამავიწყდება ეს სურათი”, - დაწერს სმოლენსკის ტაძრის გახსნის მომსწრე ვერმახტის პოლკოვნიკი ჰანს ფონ ლუკი.

4 აგვისტოს, არმიათა ჯგუფ „ცენტრის“ მთავარსარდალი გენერალ-ფელდმარშალი ფედორ ფონ ბოკი სამხედროების წირვას დაესწრება: „ადგილობრივი მოსახლეობა, მოხუცები, ასევე ბევრი ახალგაზრდა, ეხვეოდა და კოცნიდა არა მარტო ეკლესიის წმინდა ნივთებს, არამედ იმ ჯვრებსაც კი, რომლებსაც ვერმახტის კაპელანები მკერდზე ატარებენ! ამ ხალხის მწყემსვა რთული არ იქნება!“ - ჩაწერს ის დღიურში.

ახალი ოკუპანტის მიერ ეკლესიების გახსნასთან ერთად მართლმადიდებელი, კათოლიკე თუ უნიატი ემიგრანტი მღვდელმსახურები იწყებენ ვერმახტის დახმარებით საბჭოთა კავშირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასობრივ დაბრუნებას. სტალინი მიხვდება, რა საფრთხეს შეიცავდა გერმანული ფრთის ქვეშ რელიგიის ეს აღორძინება.

1941 წლის შემოდგომაზე ლვოვის მიტროპოლიტი ანდრეი შეპტიცკი, ვლადიმირისა და ვოლინის ეპისკოპოსი პოლიკარპე სიკორსკი და ბალტიის მიტროპოლიტი სერგი ვოსკრესენსკი ახალ ოკუპანტს ხელს გაუწვდიან. მათ იმედი ჰქონდათ, რომ რელიგიურ აღორძინებასთან ერთად ვერმახტი მათ მრევლს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას მოუტანდა. თუმცა, ჰიტლერის კოლონიალისტურ პოლიტიკაში არც ვასალური სახელმწიფოების შექმნა და არც რელიგიური აღორძინება არ შედიოდა. ფიურერი შიშობდა, ეკლესია ადგილობრივი ნაციონალიზმის აღორძინებისა და ნაცისტური კოლონიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის კერა არ გამხდარიყო. ამის გამო 1941 წლის 6 აგვისტოს, ფიურერის ბრძანებით, ვერმახტს აეკრძალება ადგილობრივი ეკლესიების ნებისმიერი დახმარება.

სტალინმა არაფერი იცოდა ჰიტლერის გადაწყვეტილების შესახებ, არ გამოეყენებინა მის ხელთ არსებული რელიგიური „ჯოკერი“. მან არც ის იცოდა, რომ ჰიტლერი არ აპირებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვასალური „რესპუბლიკების“ შექმნას. ამ ჭეშმარიტი თუ წარმოსახვითი საფრთხეების ფონზე, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის კარტს სტალინი თვითონ გაათამაშებს: ანტირელიგიური პროპაგანდა მოსკოვის მიტროპოლიტის 22 ივნისის მოწოდებისთანავე შეწყდება; „უღმერთოების საზოგადოების“ ჟურნალი „ბეზბოჟნიკი“, რომელიც რელიგიის საგინებლად იყო შექმნილი, ივნისის ბოლოს დაიხურება. ბედის ირონიით, დახურვამდე „ბეზბოჟნიკის“ უკანასკნელი ნომერი მორწმუნეებს სამშობლოს დაცვისკენ მოუწოდებს; სტალინი ასევე დახურავს ათეიზმის მუზეუმებსა და შეამცირებს ეკლესიის უძრავ ქონებაზე დაწესებულ უზარმაზარ გადასახადებს.

სტალინის ამ შემოტრიალებას კიდევ ერთი მიზანი ჰქონდა - საბჭოთა კავშირის იმიჯის გამოსწორება აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. ვაშინგტონში საკუთარი ელჩისგან სტალინმა იცოდა, რომ, გამოკითხვების თანახმად, ამერიკელები მასობრივად ეწინააღმდეგებოდნენ „ათეისტური რუსეთის დახმარებას“; სტალინმა ისიც იცოდა, თუ როგორი ტყუილების თქმა უწევდა რუზველტს პრესკონფერენციებზე, რათა ჟურნალისტები დაერწმუნებინა, რომ „რუსეთის კონსტიტუციის 124-ე მუხლი რელიგიის თავისუფლებას უზრუნველყოფდა“. მიზნის მისაღწევად, სტალინმა 1942 წელს ბრიტანეთსა და აშშ-ში გასავრცელებლად ბუკლეტიც კი გამოსცა - „სიმართლე რუსეთში რელიგიის შესახებ“.

„ომი სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ურთიერთობების გაგრძელება სხვა ხერხებით“ -სტალინს მშვენივრად ჰქონდა გათავისებული კლაუზევიცის ამ ყველაზე ცნობილი გამონათქვამის მნიშვნელობა და სწორედ ეს იყო მის მიერ ომის დროს რელიგიის დევნის შერბილების მიზეზი. როგორც ჭეშმარიტი ბოლშევიკი, იგი დროებით დაიხევს უკან, თუმცა ქრისტიანული რელიგიის განადგურება სიცოცხლის ბოლომდე დარჩება მის მიზნად.

მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან მოყოლებული, სტალინი ცდილობდა „ახალი რელიგიის“ შექმნას, რომელშიც იესოს როლს ბალზამირებული ლენინი, ხოლო განკვეთილი ერეტიკოსებისას - ტროცკი და ზინოვიევი ასრულებდნენ. ამ რელიგიას ჰქონდა საკუთარი სახარება - კომუნისტური მანიფესტი, სამოციქულო - კომინტერნი და აღლუმები, რომლებიც ლიტურგიის როლს ასრულებდა. ამ რელიგიაში მამა ღმერთის როლი, რა თქმა უნდა, „ხალხების მამა“ სტალინს უნდა ეტვირთა.

სამების ტაძარში ერთ-ერთ ხატზე სტალინის გამოსახულება ეჭვს ბადებს, რომ საპატრიარქო სტალინის სწორედ ამ ტრადიციის გაგრძელებას ცდილობს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG