სამების საკათედრო ტაძარში, სტალინის გამოსახულებიან მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმის ფაქტზე სამართალწარმოება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საქმის წარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყების ცნობითვე, საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება.
დღეს, 9 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, რომ თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, ლურჯი საღებავი შეასხეს მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც ასევე გამოსახულია სტალინი.
რამდენიმე დღის წინ, 6 იანვარს, დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა იმ ხატის ფოტოები, რომელიც თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. რამდენიმე საათში ამ ხატის ვიდეომასალა ისევ ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოლიტიკოსმა, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა გიორგი კანდელაკმაც. უცნობია, ვინ არის წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის ხატმწერი.